15-11-2019
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმირ კონსტანტინიდი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება წარმოადგენს რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას.
ჩვენ შეშფოთებული ვართ ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო, როგორიცაა სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და საოკუპაციო ძალების ე.წ. პოსტების უკანონო მშენებლობა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა.
მსგავსი ნაბიჯებით რუსეთი ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციას და ჰუმანიტარულ თემების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებას. მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ უკვე მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკვშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება ისევე, როგორც ადამიანის უფლებების სხვა მწვავე დარღვევები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ მკაფიოდ დააყენა 14 ნოემბერს კონფლიქტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე.
აღნიშნული საკითხი განხილვის მნიშვნელოვანი თემა იქნება მომავალ კვირას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მომავალი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში.
ზემოხსენებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მოვუწოდებთ მოსკოვს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები“- აცხადებს დიპლომატი.