გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

19-11-2019

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. შეხვედრაზე მწვავედ დაისვა ბოლო დროს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროვოკაციული პროცესები.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავების საკითხზე და თანათავმჯდომარეებს სთხოვა, ყველა ღონეს მიმართონ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალგორის კიდევ ერთ მკვიდრს - თამარ გიგაურს არ ეძლევა საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისა და საქართველოს კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ლაშა დარსალიას თქმით, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის შედეგად ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობასრულ იზოლაციაში მოექცა, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მწვავედ დასვა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას. საუბარი შეეხო უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამწვავების კონტექსტში.

გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით, აღდგენის აუცილებლობას.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.

საქართველოს დელაგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია, დროულად მოეფინოს ნათელი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საქმეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობასკონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. აღინიშნა პროგრესის მიღწევის აუცილებლობა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართება 2019 წლის 10-11 დეკემბერს.