გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით განცხადებას ავრცელებს

19-11-2019

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით ახალ ინიციატივას აჟღერებს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით გთავაზობთ ახალ ინიციატვას:

თანამედროვე მსოფლიოში არ წყდება დისკუსია საარჩევნო სისტემების ავკარგიანობის შესახებ. დემოკრატიული ქვეყნები საარჩევნო სისტემებს, ხშირ შემთხვევაში, ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევენ და დღემდე არც თამამი ექსპერიმენტებისგან იკავებენ თავს.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე ძირითადი საარჩევნო სისტემა - მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული - თანაბრად დემოკრატიულ და, შესაბამისად, ლეგიტიმურ სისტემებად არის მიჩნეული, მსოფლიო სტატისტიკა მაინც მაჟორიტარული კომპონენტის მქონე სისტემების უპირატესობაზე მეტყველებს, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ თანამედროვე, ლიბერალური დემოკრატიის აკვნად მიჩნეული ანგლოსაქსური ცივილიზაციის ორივე მექაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ფუნქციონირებს, ისევე, როგორც კონტინეტური ევროპის პიონერ დემოკრატიაში - საფრანგეთის რესპუბლიკაში.

დასავლეთის, კერძოდ კი, ევროპის ტრადიციულ დემოკრატიებში, სადაც პარტიებს მწყობრი, ისტორიულად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური პლატფორმები გააჩნიათ და ამომრჩევლის სეგმენტაციაც ამ პლატფორმებისადმი სომპატიების საფუძველზე ხდება, პროპორციული საარჩევნო სისტემა, რასაკვირველია, წარმატებით ფუნქციონირებს.

ჩვენს პირობებში კი, როდესაც ასობით პარტიას, მათ შორის, ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილს, პრაქტიკულად, იდენტური პროგრამები და პლატფორმები გააჩნიათ, რომლის თაობაზე, ხშირ შემთხვევაში, არათუ ამომრჩეველს, თვით ამ პარტიის წარმომადგენლებსაც უჭირთ დისკუსიის წარმართვა, - პროპორციული საარჩევნო სისტემა უბრალოდ დააბნევს ამომრჩეველს, ხოლო შინაარსის არმქონე, ლამაზ-ლამაზი დასახელებებით გადავსებული საარჩევნო ბიულეტენი გაურთულებს მას პასუხისმგებლიან არჩევანს, რადგან გაძნელდება განსაზღვრა, პერსონალურად ვინ დგას ამ დასახელების უკან - რა წარსულის, ავტორიტეტის, პრინციპების თუ ხედვის ადამიანი.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის დაფუძნების დროს, უპირველეს ყოვლისა, იმ საარჩევნო ტრადიციებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომლებსაც სინამდვილეში იზიარებენ და უპირატესობას ანიჭებენ ჩვენი თანამოქალაქეები.

ზემოთ უკვე ავღნიშნეთ ის უდავო ფაქტი, რომ დღეს, დასავლური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებს შორის რაიმე არსებითი განსხვავებების მიგნება ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეებისათვის უბრალოდ შეუძლებელია. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული და საჯაროდ დეკლარირებული შეხედულებებიც მრავალი ასპექტით მსგავსია, თუმცა რადიკალურად და ფუნდამენტურად საპირისპიროა მათი პოლიტიკური საქმიანობის ტაქტიკა, რეალური მოქმედებები და ქცევის წესები. ამიტომ, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისათვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსული საქმიანობით მოიპოვეს მხარდაჭერისათვის საკმარისი ნდობა და პატივისცემა.

საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ამომრჩევლისთვის მისი სიცხადე და იოლად შეცნობადობაა. ჩვენ კი, სრულად პროპორციული სისტემის შემოღებით, არჩევნები პარტიებამდე დავიყვანეთ და საარჩევნო პროცესი ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად ბუნდოვანი გავხადეთ, რადგან ეს საარჩევნო სისტემა აბსოლუტურ დოგმად მივიჩნიეთ.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთვლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია - პირიქით, სინანულს უნდა განვიცდიდეთ ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. და ჩვენ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ მცდარი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის.

ჩვენ ხომ წესად გვაქვს - ხალხის გარდა ყველას ვკითხოთ, რა ურჩევნია ხალხს. ამიტომ ვეკითხებით პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, არასამთავრობოებს, მედიას, მაგრამ არა საკუთრივ ხალხს.

მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც ცხადია არ არის უნივერსალური, აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ყველა სოციალურ-ეკონომიკური, სტრატეგიული თუ გეოპოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით.

სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომლსაც ხალხი საკუთარ ნდობასა და მანდატს გადასცემს, იყოს უფრო ანგარიშვალდებული და მეტად დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, პარტიული ამოცანებისა და მიზნებისაგან და, შესაბამისად, გამოხატავდეს და ახორციელებდეს ხალხის ინტერესებს.

ხელისუფლების წყარო ხდება უშუალოდ ამომრჩეველი და არა პარტიული სტრუქტურები. ადამიანები ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს პარლამენტში არა პარტიული კუთვნილების ან რომელიმე ლიდერისადმი პერსონალური პატივისცემის, არამედ მათი პროფესიული გამოცდილების, პატიოსნების, განვლილი ცხოვრებისა და სხვა პირადი თვისებების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არასწორი, მცდარი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ეს სისტემა არა მხოლოდ აფერხებს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს შედარებით მცირერიცხოვან პარტიებს, აგრეთვე არაპარტიულ კანდიდატებს, აქტიურად ჩაებან არჩევნებში და მოიპოვონ გამარჯვება.

ამ და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს.

რაც შეეხება პოლიტიკური ოპონენტების, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ან მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ზღვარსგადასულ, შეურაცხყოფანარევ კრიტიკას. მათი უპრინციპობის და ორმაგი სტანდარტის საილუსტრაციოდ, მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლებით: როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს, ხმოსანთა მიერ მისი არჩევის წესით ვცვლიდით, ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა - როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს“. ახლა კი, იგივე პოლიტიკოსები და ეგრედ წოდებული ოფინიონ-მეიქერები, ისევ „ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევაში“ გვდებს ბრალს, ოღონდ ამ შემთხვევაში, დეპერსონალიზირებული, პარტიულად გადადღაბნილი, პროპორციული წესის სასარგებლოდ.

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, სრულად მაჟორიტარულ სისტემაში ერთმანდატიანი ოლქების გაორმაგებისა და, შესაბამისად, ამ ოლქებში მცხოვრები მოქალაქეების რიცხოვნობის განახევრების პირობებში (150 ოლქი 73-ის მაგივრად), არსებითად და ხელშესახებად გაიზრდება და გაუმჯობესდება მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩევლებისადმი პერსონალური პასუხისმგებლობის ხარისხი, აგრეთვე, მათი საქმიანობის შედეგები და ეფექტურობა. ცხადია, ასეთი მოდელი საგრძნობლად გააძლიერებს და გააქტიურებს, საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით, ხალხის მონაწილეობას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში.

დაბოლოს, გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების იდეა წარმოადგენს უშუალოდ ჩვენს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას და ის ჯერჯერობით არ არის განხილული და, მითუმეტეს, შეთანხმებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდთან. თუმცა, გვჯერა, რომ სწორედ ჩვენს გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობების პირობებში, შევძლებთ თანაგუნდელების დარწმუნებას ჩვენი ინიციატივის მართებულობაში, მის დროულობასა და აუცილებლობაში“-აცხადებს ხუნდაძე.