გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ივანიშვილი Bloomberg-თან: არც “ველურ რუსეთში” და არც ქართულ ბანკებში მინახავს ის, რაც Credit Suisse-ში ვნახე

20-11-2019

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც 140 მილიონი აშშ დოლარი Credit Suisse-ის მენეჯერის გამო დაკარგა, Bloomber-ს, შვეიცარულ ბანკთან თავისი დავის შესახებ პირველი ინტერვიუ მისცა.

მისი თქმით, იგი ვერც კი წარმოიდგენდა, თუკი დასავლურ ბანკში ასე მოატყუებდნენ და აღნიშნავს, რომ ასე „ველურ, ველურ რუსეთშიც“ კი არ ატყუებდნენ 90-იანი წლების დროს.

Bloomberg-თან ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის მიდგომებით. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მას აღნიშნულ ბანკში მინიმუმ 800 მილიონი აშშ დოლარის აქტივები ჰქონდა, საიდანაც 140 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა. ივანიშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ მაშინაც კი, როდესაც 90-იანი წლები იყო და ბიზნესის კეთებით იყო დაკავებული, არც „ველურ, ველურ რუსეთში“ და არც ქართულ ბანკებში არ უნახავს ისეთი რამ, რაც Credit Suisse-ში ნახა.

„როდესაც Credit Suisse-ს მივმართე, ჩემ თავს ვუთხარი: კარგია, ფული დავაბინავე, ეს უსაფრთხო ადგილია“, – აცხადებს ივანიშვილი დანაკარგზე საუბრის დროს. „ვერც კი წარმოვიდგენდი, თუკი ისეთი ბანკი, როგორიც არის Credit Suisse, ასეთ რამეს გააკეთებდა“, – აღნიშნავს ბიზნესმენი.

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse პირველად 2015 წელს დაადანაშაულა. მილიარდერი თავის მიმართვაში აღნიშნავდა, რომ საქმე ეხებოდა თაღლითობას და მისი აქტივების ცუდად მართვას. 2016 წლის დასაწყისში კი მან სარჩელი შეიტანა ჟენევის სასამართლოში.

სარჩელი ეხებოდა Credit Suisse-ის მენეჯერის, ივანიშვილის საინვეტიციო პორტფელის მმართველის, პატრის ლესკორდონის ქმედებებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას. იმავე წლის მარტში კი, მილიარდერის ადვოკატმა ჟენევის პროკურატურას, Credit Suisse-ის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა – ბიზნესმენი საკრედიტო ორგანიზაციას შესაძლო ფულის გათეთრებას სდებდა ბრალად.

ლესკორდონი, 2015 წლის დეკემბერში, კლიენტების რესურსების გამოყენებით თაღლითობაში ბრალდებით დააკავეს. თავად ლესკორდონმა კი სასამართლოში განაცხადა, რომ არ აპირებდა საკუთარი კლიენტების მოტყუებას. მისი თქმით, იგი პანიკაში ჩავარდა, როდესაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს ჩავარდა ინვესტიციები, რომლებიც მან თავისი კლიენტების სახელებით გააკეთა. იგი აღნიშნავდა, რომ ამ პანიკის დროს, ივანიშვილის საბანკო ანგარიშებიდან სხვა კლიენტების ანგარიშებზე გადაჰქონდა თანხები, რათა გადაეფარა ის დანაკარგები, რომლებიც წარუმატებელმა ინვესტიციებმა გამოიწვია.

2018 წელს ლესკორდონი გაასამართლეს იმ სქემის ორგანიზებისთვის, რომელმაც 144 მილიონი აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია, ძირითადი დაზარალებული კი ბიძინა ივანიშვილი იყო. Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ, მათ შორის ლესკორდონის ზედამხედველმა, განაცხადა, რომ მათ არ იცოდნენ მენეჯერის თაღლითური ქმედებების შესახებ.

ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ლესკორდონი მარტო არ მოქმედებდა, ვინაიდან, მისი თქმით, მენეჯერი, რვა წლის განმავლობაში წარმატებით ვერ დაფარავდა საკუთარ თაღლითურ ქმედებებს ბანკის ხელმძღვანელობისგან.

„შეუძლებელია, რომ ეს ერთმა ადამიანმა გააკეთოს“, – აცხადებს ივანიშვილი.

Bloomberg-ი წერს, რომ ამ თემის შესახებ ბიძინა ივანიშვილი პირველად საუბრობს ღიად. მილიარდერი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ლესკორდონი და მისი მინიმუმ ორი კოლეგა, ბიზნესმენთან შინ, თბილისში არაერთხელ მისულან და ივანიშვილის აქტივების მდგომარეობის ამსახველი ყალბი დოკუმენტებიც უჩვენებიათ. თუმცა, მილიარდერი ზუსტად ვერ იხსენებს, თუ როდის იყვნენ ლესკორდონი და მისი კოლეგები საქართველოში ჩასულები.

როგორც Bloomberg-ი წერს, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკს ჯერ კიდევ ედავება დაკარგული მილიონების გამო.

„რაც არ უნდა გახდეს საჭირო, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, უკან დახევას არ ვაპირებ“, – ამბობს ივანიშვილი. ამასთან, იგი იმასაც აღნიშნავს, რომ საქმე ფულში არ არის, რომ ეს პრინციპის საკითხია: „ფული იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე საჭიროა“, – აცხადებს მილიარდერი.

https://ipress.ge/