20-11-2019
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის გამო ქუთაისში აქციები გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და პოლიტიკური პარტიების წევრები დევიზით "ყველა ერთის წინააღმდეგ" ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც პერფორმანსი გამართეს და სტაფილოებით "ბიძინა" დაწერეს. მათ თითო სტაფილოზე იმ დეტუტატების სახელები დაწერეს, რომელთან პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ამით გამოხატეს პროტესტი მოპარული არჩევნების უფლების გამო.
"ჩვენ მშვიდობიან აქციას ვმართავთ, მაგრამ დაგვხვდნენ ძალადობით. მხოლოდ სტაფილო მოვიტანეთ და ვუთხარით ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია დალიოს სტაფილოს წვენი, რადგან მის მართველობას მალე დავასრულებთ". - განაცხადეს აქციის მონაწილებმა.
მათ დღესვე სიმბოლიურად მერიის მოაჯირზე ბოქლომი შეაბეს და გასაღები მოქალაქეებს მისცეს.
დასასრულს აქციის მონაწილეებს და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კვლავ მოხდა.