14-11-2017
ოზურგეთში დასრულებული მერობის არჩევნების მეორე ტურში და მის შემდეგ, საღამოს, ქალაქი გადატვირთული იყო ათეულობით ნაირნაირი ჯიპებითა და "შკოდებით". ამ მანქანებში მსხდომი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, გამომწვევად იქცეოდნენ და ფეხით მოსიარულეებს სხვადასხვა შინაარსის "რეპლიკებს" ესროდნენ.
"ბურჯანაძის" პარტიის ადგილობრივი ლიდერი, თამარ ნადირიძე, არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბიდან ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიისაკენ ფეხით მიდიოდა, სადაც შარაშენიძის მომხრეები იყვნენ შეკრებილნი:
"როცა, ჭავჭავაძის ქუცაზე "ზებრაზე" გადავდიოდი, ჩემი მიმართულებით მომავალმა შავი ფერის "ჯიპმა" სიჩქარეს მოუმატა და მთელი სისწრაფით ჩემკენ გზა განაგრძო. მეგონა, ეს სპეცსამსახურების მანქანა იყო, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში სულ დაგვსდევდა და მარცხენა ხელით ვანიშნე, რომ გზა ჩემი იყო და არ გავჩერდებოდი. ის იძულებული გახდა გაჩერებულიყო, როცა ჩავუარე, ფანჯარა ჩამოწია ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც ვიცანი, ნინი ქარსელაძე იყო, გადმომძახა:"ისე, რომ იცოდეთ, "ნაციონალებს" გზას არ ვუთმობ, ქალბატონო!" და მთელი სისწრაფით ადგილიდან გამომწვევად დაძრა მანქანა"-იხსენებს ნადირიძე "გურიის მოამბესთან" საუბრისას.
ნინი ქარსელაძე თავის მეგობრებთან ერთად ოზურგეთის მეორე ტურის არჩევნების დღეს გურიის ადმინისტრაციულ ქალაქში მმართველი პარტიის მიწვევით იმყოფებოდა, რათა მეორე ტურის დასრულების შემდეგ "ოცნების" კანდიდატის, ბეგლარ სორიძის გამარჯვების აღსანიშნავ სახელდახელო კონცერტში მიეღო მონაწილეობა. თუმცა "ოცნების" კანდიდატის დამარცხების გამო კონცერტი ჩაიშალა.
წყარო: "გურიის მოამბე"