21-11-2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაზე, ახალგორიდან გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.
„მე ძალიან ვწუხვარ, რომ აქ ის რუსი კოლეგები არიან , რომლებიც ამ ორგანიზაციის ფარგლებში უბრალოდ ცივილიზებულ ურთიერთობებს და მეგობრობანას გვეთამაშებიან.
სინამდვილეში კი, თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იტანჯებიან.
კატეგორიულად ვაყენებ ამ საკითხს, როგორც რუსეთის ფედერაციის დუმის წევრების წინაშე, ისე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტარების წინაშე.
ჩვენო მეგობარო სახელმწიფოებო, დაუდექით საქართველოს გვერდით, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამოვიხსნათ და ჩვენი მოქალაქეები რუსული აგრესიისგან დაცულნი იყვნე.
გთხოვთ მოვლენების განვითარებას მიაქციოთ ყურადღება და ყველაფერი გააკეთოთ, რომ ექიმი მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს სახლს და ახლობლებს.
ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს სამწუხაროდ სწორედ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და ნებისმიერი უკანონობა, მათ შორის ესეც, მათი პასუხისმგებლობაა.
თუ რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს ამ ორგანიზაციას და მის წესდებას, მაშინ დუმის და ფედერაციის საბჭოს აქ წარმოდგენილო წევრებო, გაიღეთ თქვენი ძალისხმევა ექიმის გასათავისუფლებლად. ის არის ექიმი, რომელიც 2008 წლის ომის დროს მკურნალობდა როგორც ქართველებს, ისე დაჭრილ რუს სამხედროებს.
საქართველოს ტერიტორიებზე, აფზახეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე უკრაინაში თქვენ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებთ შუასაუკონეობრივ, ძალადობრივ და ბნელ პოლიტიკას.
რუსეთის ფედერაციამ იქ ქართველთა გენოციდი მოაწყო და დღესაც აგრძელებს ქართველთა სიძულვილით მოტივირებულ საქმიანობას, რომლის მსხვერპლია არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და აქ კი, ამ ასამბლეაზე თავმომწონეობთ თითქოს ცივილიზებული პოლიტიკის მომხრეები იყოთ.
მე არ შემეძლო ეს არ აღმენიშნა, რადგან თუ ვამბობთ, რომ ეს ასამბლეა აქ გაწევრიანებული სახელმწიფოების ურთიერთმხარდასაჭერადაა, მაშინ ასეთ მტრულ პოლიტიკას ადგილი არ უნდა ქონდეს. თუ არადა უარი თქვით ფარისევლობაზე!
ძვირფასო მეგობარო სახელმწიფოების წარმომადგენლებო, თქვენ ჩვენთან ერთად უნდა ამხილოთ რუსული პოლიტიკა რომ ხვალ თქვენ არ გახდეთ ამ აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი” - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.