გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გოგი მეშველიანი: ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ლარის გაცვლითი კურსის რეალურ ნიშნულზე დასაბრუნებლად

21-11-2019

„ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ინფლაციის დასათრგუნად და ლარის გაცვლითი კურსის რეალურ ნიშნულზე დასაბრუნებლად“, - ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე.

„ძალიან პრინციპული და მწვავე დისკუსია გვქონდა პარლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ბატონ კობა გვენეტაძესთან.

ეროვნული ბანკი მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე. ჩვენი შეფასებით, ეკონომიკაში ლარის მიწოდება შეუსაბამოდ გაზრდილია, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას. ეს, კი ეროვნული ბანკის პირდაპირი პასუხისმგებლობაა.

ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თუ გადავხედავთ და გავაანალიზებთ, საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტი, გზავნილები უცხოეთიდან, ტურისტების რაოდენობა საკმაოდ პოზიტიური დასკვნების საშუალებას გვაძლევს. ამასთანავე, რეგიონული ვალუტების გაცვლითი კურსის ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, ლარის კურსის დასტაბილურების რესურსი არსებობს და აბსოლუტურად გაუგებარია, დროულად რატომ არ ხდება ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება.

გასული წლის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ეროვნული ბანკის განცხადებებს, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედ ფაქტორთაგან მთავარი - საგარეო ფაქტორები იყო. მიმდინარე წელს აბსოლუტურად განსხვავებული ტენდენციებია და ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით, დროულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ინფლაციის დასათრგუნად და ლარის გაცვლითი კურსის რეალურ ნიშნულზე დასაბრუნებლად“, - განაცხადა მეშველიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.