გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარის ტელევიზიას ახალი დირექტორი ჰყავს - ექსპერტები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას აანონსებენ

23-11-2019

აქცია-პერფორმანსით შეხვდნენ აჭარის ტელევიზიის ბორდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და დირექტორის არჩევნების დასრულებას ბათუმში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ტელევიზიის შენობის შესასვლელთან ყვავილები მიიტანეს და აღნიშნეს, რომ რეგიონის ტელევიზიაში თავისუფალი სიტყვა და აზრი დასრულდა.

"აჭარის ტელევიზიის" დირექტორის ასარჩევად ოთხკაციან მრჩეველთა საბჭოს კონკურსის ოთხჯერ ჩატარება დასჭირდა, თუმცა პირველ ტურში დირექტორი ვერც მრჩეველთა საბჭოს ახალმა წევრებმა აირჩიეს. განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ რეგიონის საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე შეირჩა. მას მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. ერთმა კი, არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ბორდის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა არც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ გიორგი კოხრეიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კანდიდატია და ის თანამდებობაზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებით დაინიშნა. საჭიროების შემთხვევაში, კომპანიიის თანამშრომლებს არასამთავრობო სექტორი უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

აჭარის ტელევიზიის ბორდი რომ პოლიტიკური მოტივებით მსჯელობდა და "ქართული ოცნებისადმი" ლოიალურად განწყობილი წევრებით იყო დაკომპლექტებული, დიდი ხანია ამაზე საუბრობს არმაზ ახვლედიანი. "ქართული ოცნების" ყოფილი პოლიტიკური მდივანი აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას აანონსებს.

საზოგადოებრივი განწყობის მიუხედავად აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. ხელისუფლების მხრიდან მედიაზე რაიმე სახით ზეწოლას გამორიცხავს არჩილ თალაკვაძე.

საბჭოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობის არ სჯერათ ტელევიზიის თანამშრომლებს. ისინი ახალ დირექტორს უნდობლობას უცხადებენ და ფიქრობენ, რომ რეგიონის საზოგადოებრივი მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილიდან მას შემდეგ იყო, რაც ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს. ამ პერიოდის განმავლობაში კი, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებდა. გიორგი კოხრეიძე ახალ პოზიციაზე მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

rustavi2