გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: 2019 წლის ოქტომბრის არჩევნებში ჯასტინ ტრუდოს პარტიამ გაიმარჯვა, რომელმაც საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ დაპირება შეცვალა

29-11-2019

„2015 წლის საარჩევნო კამპანიისას ლიბერალური პარტიის ლიდერმა, ჯასტინ ტრუდომ გასცა დაპირება, რომ 2019 წელის საარჩევნო სისტემის რეფორმას განახორციელებდა. თუმცა ხელისუფლებაში მოსულმა თქვა, რომ ეს დაპირება შეუსრულებადია“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კონსტრუქციული და მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლის მიუხედავად, 2019 წლის ოქტომბრის არჩევნებში, ჯასტინ ტრუდოს პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ უმრავლესობა დაკარგა.

„რა ზესაინტერესო პარალელი აღმოვაჩინე კანადაში. 2015 წლის საარჩევნო კამპანიისას, ლიბერალური პარტიის ლიდერმა, ჯასტინ ტრუდომ გასცა დაპირება, რომ 2019 წლის ოქტომბრის არჩევნებისათვის კანადის პარლამენტის ქვედა პალატის ფარდობითი უმრავლესობის (first-past-the-post) საარჩევნო სისტემის რეფორმას განახორციელებდა. თუმცა 2017 წელს, ხელისუფლებაში მყოფმა პრემიერმა ტრუდომპარლამენტში გატანის გარეშე თქვა, რომ ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, ეს დაპირება შეუსრულებადია, კონსენსუსი არ შედგა და კანადელთა მხოლოდ ერთ მცირე ნაწილს სურს შესაბამისი რეფორმები. და უკან გაიტანა ინიციატივა.

მედიას არ ახსოვს „ბოქლომობანა“ ოტავაში Parliament Hill-თან და არც სამართლიანად უკმაყოფილოთა კონვულსიები.

კონსტრუქციული და მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლის მიუხედავად, 2019 წლის ოქტომბრის არჩევნებში, ჯასტინ ტრუდოს პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ უმრავლესობა დაკარგა. კანადის 43-ე მოწვევის პარლამენტის სხდომა 5 დეკემბერსაა ჩანიშნული.

აქვე გითარგმნეთ ანგუს რიდის ფრიად საინტერესო, სექტემბერში გამოქვეყნებული გამოკითხვა ჯასტინ ტრუდოს მიერ საარჩევნო რეფორმის შესახებ მიცემული პირობის გატეხასთან დაკავშირებით კანადელთა უარყოფით დამოკიდებულებაზე.

არჩევნებამდე, Fair Vote Canada-სთან პარტნიორობით, „ანგუს რიდ გლობალმა“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 1510-მა კანადელმა მიიღო.

როდესაც ჯასტინ ტრუდომ პირობა დაარღვია და ფარდობითი უმრავლესობის (first-past-the-post) საარჩევნო სისტემის რეფორმა არ განახორციელა, მან განაცხადა, რომ „კონსენსუსი არ შედგა“ და „კანადელთა მხოლოდ ერთ მცირე ნაწილს“ სურს პროპორციულ წარმომადგენლობაზე გადასვლა. თუმცა აშკარაა, რომ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა.

„ამჟამინდელი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ორი უკანასკნელი მთავრობა იმ საპარლამენტო უმრავლესობამ ჩამოაყალიბა, რომელიც მთლიანი ელექტორატის დაახლოებით 39.5% იქნა არჩეული“. რამდენად ეთანხმებით, ან ეწინააღმდეგებით შემდეგ დებულებას?„იმისთვის რათა პოლიტიკურმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება და, შესაბამისად, მთავრობის ჩამოყალიბება შეძლოს, მას კანადელების 50%-ზე მეტის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს“.

აღნიშნულ დებულებას რესპოდენტთა 82% დაეთანხმა.

„ჩვენმა საარჩევნო სისტემამ უნდა წაახალისოს პარტიები, რათა მათ საკანონმდებლო ორგანოში განსახილველ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისებზე წასვლა და თანამშრომლობის გაძლიერება შეძლონ, რის შედეგადაც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანადელთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერას ასახავს“.

აღნიშნულ დებულებას რესპოდენტთა 90% დაეთანხმა.

„როგორ ფიქრობთ, ზუსტად უნდა ასახავდეს, თუ არა პარლამენტის მთლიანი შემადგენლობა მოსახლეობის მიერ არჩევნებზე მიცემული ხმების თანაფარდობას?“

აღნიშნულ დებულებას რესპოდენტთა 80% დაეთანხმა, 10% გადაუწყვეტელია, ხოლო 9% აფასებს უარყოფითად.

„ზოგს პროპორციული წარმომადგენლობის შემოღება ურჩევნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილებული მანდატების რიცხვი და მათ მიერ არჩევნებზე მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა დაახლოებით თანაბარი იქნება. ეთანხმებით, თუ ეწინააღმდეგებით კანადის საარჩევნო სისტემის აღნიშნულ პროპორციულ წარმომადგენლობით სისტემაზე გადაყვანას?“

აღნიშნულ დებულებას რესპოდენტთა 77% დაეთანხმა, სახელდობრ, ლიბერალური პარტიების ამომრჩეველთა 80%, და კონსერვატორთა 65%. აღნიშნული დებულების მხარდაჭერა არცერთ ასაკობრივ ჯგუფსა და პროვინციაში 69%-ს არ ჩამოცდენილა.

„ქვემომდებარე დებულებებიდან რომელი ასახავს თქვენს შეხედულებას საუკეთესოდ საარჩევნო რეფორმასა და ლიბერალური მთავრობის მიერ მისი გატარების ეფექტურობასთან დაკავშირებით?

ლიბერალურმა მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არ გაატარა აღნიშნული რეფორმა, მიუხედავად იმისა რომ ამით პირობა გატეხა;

ლიბერალურმა მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არ გაატარა აღნიშნული რეფორმა - მას პირობა არ უნდა გაეტეხა“.

რესპოდენტთა 70%-მა ლიბერალური მთავრობა დაადანაშაულა პირობის გატეხაში, სახელდობრ, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ლიბერალ ამომრჩეველთა 61%-მა, ხოლო კონსერვატორთა (NDP, Bloc Québécois და მწვანეები) 83-85%-მა გამოხატეს.

როდესაც კანადელებს პროპორციულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით უსვამენ კითხვას, აშკარად ვლინდება აღნიშნული სისტემისადმი ფართო მხარდაჭერა, რაც გამოიხატება სურვილით, რომ პარლამენტის შემადგენლობა ზუსტად ასახავდეს არჩევნების შედეგებს“, - აღნიშნა „ანგურ რიდ გლობალის“ საჯარო საქმეთა დირექტორმა, დემეტრე ელიოპოლოსმა. „აღნიშნული მხარდაჭერა პარტიული კუთვნილებისა და კანადის მასშტაბებით ტერიტორიული ადგილმდებარეობის დამოუკიდებლად მაღალია“.

„დღევანდელი გამოკითხვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტრუდო „ოცნებებში დაფრინავს“, - აღნიშნა Fair Vote Canada-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ანიტა ნიკერსონმა. „გამოკითხვის შედეგად ნათელი ხდება, რომ, დღეს ისე როგორც არასდროს, კანადელთა სურვილია სამართლიანი წარმომადგენლობის მიღება“.

ლიბერალური პარტიის 2015 წლის წინასაარჩევნო დაპირებათა ნუსხაში კონკრეტულად გამოყოფილი იყო პროპორციული წარმომადგენლობის საკითხი, როგორც საარჩევნო სისტემის რეფორმირების ერთ-ერთი ვარიანტი. ამრიგად, პარტიამ აიღო პასუხისმგებლობა, მოესმინა ექსპერტებისა და კანადელთა აზრისთვის.

ფედერალური საარჩევნო რეფორმის კომიტეტის წინაშე წარმდგარ ექსპერტთა 88%-მა, ხოლო ზემოხსენებული კომიტეტის წინაშე წარმდგარ მოქალაქეთა 87%-მა პროპორციულ წარმომადგენლობას დაუჭირა მხარი. მთავრობის მიერ ჩატარებული ონლაინ კვლევის შედეგებითაც, რომელშიც 360,000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, პროპორციულ წარმომადგენლობას 70%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც აიხსნება მოსახლეობის სურვილით, რომ პარტიებმა გაიყონ ძალაუფლება და გახდნენ ურთიერთპასუხისმგებელნი.

სტრატეგიული ხმის მიცემის კამპანიის ორგანიზატორის, შერონ სომეერვილის განცხადებით 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ისი ლიბერალურ კანდიდატს უჭერდა მხარს, სააგიტაციო პერიოდში კარდაკარ სიარულისას მას ხშირად ასე პასუხობდნენ, „ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ სხვა დროს აღარ მომიწიოს იგივეს გაკეთება“. თუმცა, იგი ამ არჩევნებისთვის უკვე იმ კანდიდატის მხარდასაჭერ საორგანიზაციო საკითხებშია ჩართული, რომელსაც მოსახლეობა ენდობა პროპორციული წარმომადგენლობის რეფორმის გასატარებლად.

Fair Vote Canada მოუწოდებს ყველა კანადელს მომავალ არჩევნებზე ყველა პარტიას გაუგზავნონ კონკრეტული გზავნილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილებული სწორედ იმ 20 უბანზეა, სადაც ისეთი დეპუტატის არჩევა ყველაზე მეტადაა შესაძლებელი, რომელიც პროპორციულ წარმომადგენლობას დაუჭერს მხარს.

Fair Vote Canada მოქალაქეების მიერ წარმოებული ეროვნული კამპანიაა რომელიც პროპორციული წარმომადგენლობის შემოღებას ითხოვს.

Fair Vote Canada-სთან პარტნიორობით, ანგუს რიდ გლობალმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 1510-მა კანადელმა მიიღო მონაწილეობა. რესპონდენტები ანგუს რიდის ფორუმის წევრები არიან.

ფარდობითობის გათვალისწინებით, აღნიშნული „სინჯი“ მთლიანი მოსახლეობის დამოკიდებულებას მხოლოდ +/-2.5%-იანი ცდომილების ზღვარით ასახავს, რაც 20 შემთხვევიდან 19-ს უტოლდება.

„ანგუს რიდ გლობალის“ შესახებ:ანგუს რიდი კანადაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პატივსაცემი ორგანიზაციაა გამოკითხვების ჩატარებისა და ბაზრის კვლევის კუთხით. ის ბიზნესებს, ბრენდებს, მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა სახის ინსტიტუციებს პრობლემების გადაჭრის არაერთ გზას სთავაზობს. „ანგუს რიდ გლობალის“ ჯგუფი ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის კავშირებს აყალიბებს, რათა უფრო გასაგები გახდეს, თუ რაზე დაყრდნობით უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საქმიანობის წარმოებისას. ინფორმაციული ბაზის შეგროვება უახლესი ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ხორციელდება.

ამ კუთხით, მოწინავე ტექნოლოგიას ანგუს რიდის ფორუმი წარმოადგენს - ერთგვარი საზოგადოება, რომელშიც აქტიურადაა ჩართული კანადის მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებიც მათთვის და ზოგადად კანადელთათვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შედგენილ გამოკითხვებს ავსებენ“. - წერს გია აბაშიძე.

წყარო:https://www.fairvote.ca/2019/09/17/angusreidpoll