25-01-2018
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, ერთ თვეში დაიწყება.
საუბარია, ძველ სამ აუზიან შადრევანზე, რომელიც ახალი პროექტის მიხედვით, მუსიკალური, დინამიური ჰიდროსისტემითა და ფერადი განათებებით უნდა მოეწყოს. შადრევანის ორ მცირე აუზში ნატვრის ხის ქანდაკებები ჩაისმება, ხოლო დიდ აუზზე შესაძებელი იქნება წყლის ფარდაზე 3 D ვიდეო-შოუს ჩვენება.
წყალტუბოს მერიაში ამბობენ, პროექტი კორექტირებას საჭიროებდა, რის გამოც, მისი განხორციელება 2017 წელს ვერ მოხერხდა.
შადრევნების რეაბილიტაციის პროექტი ხელახლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საზედამხედველო კომპანიის ,,ემპტისა"-ს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
მათი ინფორმაციით, შადრევნის რეაბილიტაცასთან ერთად პარკში საზოგადოებრივი საპირფარეშოც მოეწყობა.
წყალტუბოში შადრევნის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობისთვის მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
"მზადდება ტექნიკური დოკუმენტაცია და სამუშაოების განხორციელებაზე ორ თვეში გამოცხადდება ტენდერი. ეს იქნება დახურული ტიპის შადრევანი, სადაც წყლის სვეტებში შეეძლება ადამიანს გავლა. სანახაობრივად ულამაზესი იქნება და პირველი თუ არა, ბათუმის შემდეგ, რიგით მეორე საქართველოში," - ამბობს წყალტუბოს მერიისზედამხედველობის სამსახურის უფროსი მალხაზ ჩხეიძე.