4-12-2019
შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა „რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი“, რომელზეც სენატორების წინაშე წარსდგნენ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დევიდ ჰეილი და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კრისტოფერ ფორდი.
მოსმენისას შესავალ სიტყვაში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დამგმობი განცხადება გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკელი-აიდაჰოს შტატი). „რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ვიცით რუსეთის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის თაობაზე, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მოწამვლის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია“ - აღნიშნა სენატორმა რიშმა.
საქართველოსადმი მხარდამჭერი სიტყვით წარსდგა ასევე სენატის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, სენატორი ბობ მენენდესი (დემოკრატი - ნიუ ჯერსის შტატი). „ჩვენ ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის დღიდან მოყოლებული, კრემლის აგრესიული ქმედებების მრავალი მაგალითი, უბრალოდ დაუშვებელია და არ შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობების ნორმად იქცეს.“
პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჰეილის განმარტებით, „რუსეთი მის სამეზობლოში ცდილობს დომინირებას, რაც აისახა მის მიერ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაში.“ მისი სიტყვებით, აშშ-მა მნიშვნელოვანი სახის ფინანსური ვალდებულება აიღო დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს - საქართველოსა და უკრაინას მდგრადობის გასაზრდელად. „უკრაინის დახმარების მსგავსად, ჩვენ საქართველოსთვის საგარეო სამხედრო დახმარების ფარგლებში 2014 წლიდან მოყოლებული გამოვყავით 170 მილიონი დოლარი, მათ შორის 94 მილიონი აშშ დოლარი 2018-2019 ფისკალური წლისთვის, რათა რუსეთისგან მომდინარე აგრესიის დასაძლევად გავაუმჯობესოთ საქართველოს მდგრადობა, გავაძლიეროთ ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სამხედრო ტრანსფორმაციის ძალისხმევებსა და ნატო-სთან თავსებადობას.“
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ბ-ნმა ფორდმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასა და ტერიტორიების მიტაცებას, რუსეთის მიერ დამასკოს „მკვლელი რეჟიმის“ მხარდაჭერას, აშშ-ში ევროპასა და მსოფლიოს სხვა ადგილებში დემოკრატიული პროცესებისთვის რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას. „2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, აშშ-მა მკვეთრად გაზარდა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში დახმარება, რაც მიუთითებს ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ფარგლებში არსებული კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენს მტკიცე ვალდებულებასა და ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი ჩვენს მხარდაჭერას, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიასა და გავლენას.“ - აღნიშნა ბ-ნმა ფორდმა.
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ბ-ნმა ფორდმა ასევე ყურადღება გაამახვილა, „ღია ცის ხელშეკრულების“ ძალაში შესვლის დღიდან, რუსეთის მიერ მის შეუსრულებლობაზე. ამ მხრივ, მან გამოყო რუსეთის მიერ „ღია ცის ხელშეკრულების“ დარღვევის ფაქტები, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს ტერიტორიების სიახლოვეს განხორციელებული „ღია ცის ხელშეკრულების“ უხეში დარღვევის ფაქტები.
აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა, მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი-იუტას შტატი) ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრას, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემთხვევებს.
სენატორი კორი გარდნერის (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი) სიტყვებით, „რუსეთის ფედერაცია, ვლადიმირ პუტინის მმართველობით შეიჭრა მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე; მხარს უჭერს ასადის სისხლიან რეჟიმს; გვმტრობს ავღანეთში; ჩართულია დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო ომში, მათ შორის 2016 წელს ჩაერია აშშ-ს არჩევნებში. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია სხვა ქმედებებზეც, როგორიცაა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში; 2018 წელს სალსბერიში (გაერთიანებული სამეფო) ქიმიური შეტევის განხორციელებაში; იგი [რუსეთი] ჩვენი აშკარა მოწინააღმდეგეა, რომელიც 2016 წელს ჩაერია აშშ-ის არჩევნებში. მას კვლავაც განზრახული აქვს იგივე გააკეთოს 2020 წელს [აშშ-ში] და ასევე ჩაერიოს მსოფლიოს სხვა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში. მე მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ავაზაკია (thug) და რუსეთის ფედერაცია სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად უნდა ვცნოთ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.“