25-01-2018
ამ წუთებში მოძრაობა შეწყვეტილია ურეკი-ცეცხლაურის გზის მერიის მონაკვეთზე, სადაც 70-მდე მაღალი გამავლობის თვითმცლელების მძღოლები აქციას მართავენ.
აქციის მიზეზად მძღოლები, რომლებიც მძიმეწონიანი მანქანებით, ტენდერში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიებს ინერტული მასალით ამარაგებენ, ცენტრალურ გზაზე გადაადგილების მხრივ შექმნილ პრობლემებს ასახელებენ.
ჩვენთან საუბარში მძღოლები აცხადებენ, რომ ცენტრალური გზით სარგებლობის უფლება მხოლოდ იმ კომპანას აქვს, რომელიც ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადაზიდვას ახდენს.
"ეს აკრძალვა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ივანიშვილმა ხეები გადაიტანოს უმტკივნეულოდ და არ დაზიანდეს გზა. ჩვენ რამდენიმე კომპანიას ვემსახურებით და ინერტული მასალით ვამარაგებთ. ეს ის კომპანიებია, რომელბიც ავტომაგისტრალის მშენებლობას უზრუნველყოფენ. აგვიკრძალეს ცენტრალური გზით მოძრაობა და ალტერნატიული გზით გვატარებენ, რომელიც არის მოუწესრიგებელი და გ ვექმნება სერიოზული პრობლემები. ამ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა იმიტომ აგვიკრძალეს, რომ ასფალტი არ გაფუიჭდეს და ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებას არ შეექმნას პრობლემა. არ ვარ ბატონო გვარად ივანიშვილი, კუკულავა ვარ და მოვკვდე მშიერი? ჩვენ ვალდებულებები გვაქვს, რაშიც გვიხდიან ხელფასს, რომ ოჯახის გამოკვება შევძლო. თუ ვერ ვიმოძრავე გზაზე, ხელფასს ვინ მომცემს"?-აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.
"თუ ივანიშვილის ხეების გადატანა ხდება ამ გზით, ჩვენი მოძრაობა რატომ არის აკრძალული? ერთი ადამიანის არის მარტო ეს ქვეყანა? არ დავიშლებით მანამ, სანამ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს. ეს ალტერნატიული გზა გააკეთეს ჩვენთვის და საშინლად მოუწესრიგებელია, წესიერად ვერც ვახერხებთ მოძრაობას"-გვეუბნებიან მძღოლები.
აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ არ მისცემენ უფლებას ისარგებლონ ცენტრალური გზით, ან ალტერნატიული გზის მოწესრიგება არ მოხდება.
მძღოლები მოითხოოვენ, სანამ ალტერნატიული გზის მოწესრიგება არ მოხდება, მანამ დართონ ნება ცენტრალური გზით სარგებლობის, როგორც ივანიშვილის კომპანიებს.
"გურიის მოამბე"