გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კარასინი: აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა

25-01-2018

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრეგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულია. 

ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე კარასინმა ინტერვიუ რუსულ გამოცემა კომერსანტს მისცა და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, ასევე საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების შესახებ ისაუბრა. მისთვის მიუღებელია რეგიონში ნატო-სა და შეერთებული შტატების ყოფნის გაძლიერება, ასევე შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოში ფრანგული და ამერიკული თავდაცვის სისტემების განლაგებას, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზების შესახებ კი ამბობს, რომ ისინი მხოლოდ "ორი ახალგაზრდა კავკასიური რესპუბლიკის დაცვას ემსახურება". 

"რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ გაწყვიტა. მისი აღდგენის პირობა, თბილისის აზრით, არის რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავალთ. გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ საბოლოოდ მიღებულია. ჩვენ ამ 2 ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობას ვავითარებთ, როგორც მოკავშირეებთან. ჩვენ საკმაოდ მყარი ხელშეკრულება და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მიზნად თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს. როგორც კი ქართული მხარე მზად იქნება, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები ახალი რეალობის გათვალისწინებით, ამაზე დაუყოვნებლივ პოზიტიური რეაქცია გვექნება". 

როგორც ანდრეი ანდრეევიჩ გრომიკო [საბჭოთა დიპლომატი] ამბობდა, ათწლიანი მოლაპარაკებები ჯობია ერთდღიან ომს. ამ კუთხით ჟენევის დისკუსია თავის არსს 100%-ით ამართლებს. სხვა საქმეა ის, რომ საქართველოს პოზიციის გამო ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა დისკუსიის მთავარი მიზნის მიღწევა -  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საიმედო უზრუნველყოფა. სწორედ ასე იყო ეს ფორმულირებული დმიტრი მედვედევის და ნიკოლა სარკოზის შეთანხმებებში. საქართველოს დელეგაცია უკვე დიდი ხანია, სისტემატიურად აჩერებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებას. ეს, როგორც ჩანს, შემთხვევით არ ხდება, თუ გავითვალისწინებთ ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. ქვეყანაში იქმნება ნატოს ინფრასტრუქტურა, იგეგმება ან უკვე დაიწყო მრავალმილიონიანი ფრანგული საჰაერო თავდაცვის და ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება. 

თბილისს ეს არ მოსწონს, მაგრამ გავიმეორებ: საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენი მეზობლები არიან, ნატო კი - რეგიონს მიღმა მდებარე ძალა. აშშ აქტიურად ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას საქართველოში, რაც ჩვენში მზარდ შეშფოთებას იწვევს. რუსეთს საკუთარ საზღვრებზე სიმშვიდე სურს. ამისთვის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული. ისინი არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და არიან გარანტი იმისა, რომ ორ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკას თავს არავინ დაესხმება, ხოლო თუ დაესხმება, სათანადო პასუხსაც მიიღებს", - ამბობს კარასინი. 

რუსეთთან ურთიერთობების "ნორმალიზების" მოტივით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრები 2012 წლის შემდეგ მიმდინარეობს. მათი მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას იგეგმება. 

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რომელსაც კარასინი "ახალგაზრდა რესპუბლიკებს" უწოდებს, საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებია. 

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. 

"ტაბულა"