6-12-2019
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ცენტრალური პარკიდან მთავრობის სახლამდე მივიდნენ და თავიანთი მოთხოვნები დაასახელეს.
მთავარი მოთხოვნა კვლავ პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. მათ ასევე გააპროტესტეს აჭარის მთავრობის თავჯდომარის განცხადება, რომელიც პარლამენტის პარალელურად უმაღლესი საბჭოსთვის არჩევნების შერეული სისტემის დატოვებას უკავშირდება. აქციაში „გირჩის“, „ევროპული საქართველოს“, „ახალი საქართველოსა“ და „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ბათუმიდან ისინი ქუთაისში ჩავლენ და ყველა რეგიონს მოივლიან, რათა ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცემული დაპირება შეახსენონ.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
14 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და საჯარო უწყებების „დაბოქლომება“ დაიწყეს ოპოზიციამ და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში, რეგიონებში აქციები ოპოზიციის, კერძოდ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგაც იმართება. კონტრაქციის მონაწილეები „ნაცმოძრაობას“ აპროტესტებენ და სკანდირებენ „არა მიშას“.