9-12-2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგს მეცხრე კლასის მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დაუდასტურდა.
საგანმანათლებლო ვებ-გვერდის EDU.ARIS.GE-ის ინფორმაციით, ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგს შვილის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მშობელმა უჩივლა. მშობელი წერილობით განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მასწავლებლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ ყოფილა და პედაგოგი მეცხრე კლასელ ბიჭს სხვების თანდასწრებითაც მოიხსენიებდა დამამცირებელი სიტყვებით.
საკითხთან დაკავშირებით სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა მუშაობა უკვე დაასრულა და პედაგოგს სკოლას დაატოვებინებენ.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი განაცხადეს, რომ პედაგოგი სკოლიდან დირექტორის ბრძანების შემდეგ წავა.
„დაუდასტურდა მასწავლებელს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დისციპლინური კომიტეტის მოკვლევითაც. გუშინ დასრულდა კომიტეტის მუშაობა და ალბათ, ორშაბათს იქნება დირექტორის ბრძანება“,– აცხადებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.