26-01-2018
მერის მოადგილე სატვირთო ავტომობილების გაფიცულ მძღოლებს შეხვდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთობაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გოჩა აბაშმაძესთან და სამშენებლო კომპანია „გზამშენი 18“-ის დირექტორთან, თემურ ჯახვასთან ერთად სოფელ მერიის საგზაო მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილების გაფიცულ მძღოლებს შეხვდა.
მძღოლები მე-2 დღეა ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი ახლადრეაბილიტირებული გზით სარგებლობას ითხოვენ, თუმცა საპატრულო პოლიცია მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ატარებს. მძღოლები განმარტავენ, რომ შემოვლითი გზა დაზიანებულია და ცენტრალური გზით სარგებლობის შეზღუდვას აპროტესტებენ.
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გზების დეპარტამენტმა 2017 წელს დაიწყო. გასულ წელს, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი სწორედ მაღალი გამავლობის, მძიმეწონიანი თვითმცლელი მანქანების ინტენსიური მოძრაობის შედეგად დაზიანდა და ამის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა არაერთხელ გადაკეტა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ის მძიმეწონიანი მანქანები გადაადგილდებიან, რომლებიც ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის გზის მშენებლობას ემსახურებიან. დანარჩენ მანქანებს არ აქვთ გადაადგილების ნებართვა.
„დაახლოებით 1 თვეში აღნიშნულ გზაზე დამონტაჟდება ე.წ. სასწორი და მაღალი გამავლობის მანქანები მხოლოდ ტვირთის დასაშვები რაოდენობით იმოძრავებენ. მანამდე კი მუნიციპალიტეტის მერია ალტერნატიული გზის დაგრეიდერებას გეგმავს,“- აღნიშნა თოთიბაძემ.