გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

16-12-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, თბილისის ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

„დღეს ბათუმში დავიწყეთ განთლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა. ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებს. აქ აშენდება კომაროვის სკოლის ფილიალი, ასევე პროფესიული კოლეჯი, მულტიფუნქციური სივრცე. აქ იქნება სპორტული მოედნები, რაც ყველა პირობას შეუქმნის ჩვენს ახალგაზრდებს, რომ კარგად ისწავლონ, დაეუფლონ ცოდნას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ აქ მოვიწვევთ ჩვენს სახელოვან მეცნიერებს, რომლებიც შეხვდებიან მოსწავლეებს და დიდი იმედი გვაქვს რომ მოსწავლეებში გაიღვიძებს მეცნიერებისადმი და შემოქმედებითი აზროვნებისადმი სიყვარული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალაქი იქნება უაღრესად წარმატებული. ასეთი ქალაქები აშენდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მინდა მივულოცო აჭარას, ბათუმს და მთელ საქართველოს“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალზე.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
ბათუმის ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და ხელოვნების სკოლის მშენებლობას. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

“განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდა, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისსა და ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქების“ მშენებლობა”-აცხადებენ სამინისტროში.