19-12-2019
რამდენიმე დღის წინ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ ზღვაში ბოთლი ჩაუშვა, რომელშიც ფურცელი იყო მოთავსებული წარწერით – “თავისუფლება ვაჟა ექიმს”.
დეპუტატმა პროტესტის განსხვავებულ ხერხს მიმართა.
ცოტნე ანანიძე “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ამბობს, რომ ზღვა არის კავშირი მსოფლიოსთან და ეს არის სიმბოლური, ყველასთვის ნაცნობი ფორმა.
“ზღვა არის კავშირი მსოფლიოსთან, ეს არის ძველი, კარგად ნაცნობი ფორმა, როგორც ლიტერატურიდან, ასევე კინემატოგრაფიიდან. ამიტომ, ეს სიმბოლური ფორმა გამოვიყენე. მინდა, მსოფლიო უფრო აქტიური იყოს ადამიანის უფლებების ნაწილში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. #თავისუფლებავაჟაექიმს“,- ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან“ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.
ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.