24-12-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ზ.
დაკავებულს 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალი 2018 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა.
5 ოქტომბერს კი მ.ზ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, ასევე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და იმავე დღეს მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, "ტტ“-ს სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1974 წელს დაბადებული გ.ს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.