27-12-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ კახეთის რეგიონში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
„მელიორაციის გარეშე, სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია. 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა და შედეგად, უკვე 130 ათასი ჰექტარი ფართობია გასარწყავებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა მიწას. სამელიორაციო სამუშაოები ზამთრის პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა სეზონს მომზადებული დავხვდეთ. სამუშაოები გაგრძელდება 2020 წელსაც. ამბიციური გეგმები გვაქვს ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. უნდა აღინიშნოს, რომ ზემო ალაზნის ორი არხი, ფაქტობრივად, მთლიანად კახეთის რეგიონს ამარაგებს სარწყავი წლით, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. კახეთში მაღალი ღირებულების კაკლოვანი კულტურის ახალი ბაღები შენდება. შესაბამისად, წყლით უზრუნველყოფა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. კლიმატის ცვლილებების ფონზე, გამოწვევები სულ უფრო იზრდება და სამინისტრო მუშაობს, რომ კლიმატზე ადაპტირებული პოლიტიკის შემუშავება თანმიმდევრულად განხორციელდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მარჯვენა და მარცხენა მაგისტრალური არხებზე ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია მაგისტრალური არხის 4,4 კმ-იანი მონაკვეთზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების (გალერეა, წყალგამშვებები და მათი მექანიკური მოწყობილობები, მილხიდები) რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 397 000 ლარს შეადგენს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება3330 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
საირიგაციო სისტემით სარგებლობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, წყაროსთავი, იორმუღანლო, დუზაგრამა, ლამბალო, ყანდაურას (ნაწილი) მოსახლეობა შეძლებს.