27-12-2019
გორის მერია 3600 ლარს გადაიხდის იმ ბულდოზერის ქირის სანაცვლოდ, რომელიც კომპანია ,,იბოლიას" ეკუთვნის. ,,იბოლია" კი, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის დაარსებულია.
ამის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის 26 დეკემბერს მოაწერეს. ხელშეკრულების მიხედვით, მერია იღებს ვალდებულებას, რომ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, კომპანიას თანხა სრულად გადაუხადოს.
qartli.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ტყის მასივში გზის გაჭრის დროს, ბულდოზერი მოცურდა, რომელიც
ისევ ხეებმა შეიკავა. როგორც მერიაში აცხადებენ, მძღოლი არ დაშავებულა, ბულდოზერი კი დღესაც მუშაობს.
კომპანია ,,იბოლიას" დირექტორი დავით ბიძინაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის: ,,ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ იქ ჩვენი ტრაქტორი გადავარდნილიყოს" - აცხადებს დავით ბიძინაშვილი.
,,ასეთი ტექნიკა მხოლოდ კომპანია ,,იბოლიას" აქვს, სხვა კომპანიას არ აქვს, ამიტომ გადავყვიტეთ, რომ მისგან გვექირავა და თანხას სარეზერვო ფონდიდან გადავურიცხავთ" - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, 2019 წლის 24 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში ტანას ხეობაში, სოფელ ორმის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი გაჩნდა. 3 დღის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა და ვერტფრენები. ცეცხლი ჩააქრეს.