გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბიძინა ივანიშვილი: ანზორ ერქომაიშვილი ზნეობის, ღირსების და სამშობლოს სიყვარულის ეტალონია, რომელიც ათწლეულებია უჩუმრად ემსახურება ქართულ კულტურას

29-12-2019

„ბატონი ანზორი არის ზნეობრიობის, ღირსების, სამშობლოს სიყვარულის ეტალონი, რომელიც ათწლეულებია უჩუმრად ემსახურება ქართულ კულტურას, მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ და ვმეგობრობ მასთან“ - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციაზე.

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ისტორიული ნაშრომის გამოცემაში.

„გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული კულტურის ისტორიაში დღეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა, რამეთუ, ჩვენ მოწმენი ვართ უნიკალური გამოცემის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ასეთი უნიკალური კულტურის ისტორიის სახელმძღვანელოს გამოცემაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნადია კოლუმბუს-გოცირიძეს. სწორედ მისი და მისი მეუღლის წინადადება იყო, რომ ასეთი ნაშრომი გამოცემულიყო და მსოფლიოს ენახა ჭეშმარიტად ქართული კულტურის ისტორია, მისი ეთნოგრაფია, რომელიც არის უმდიდრესი და უნიკალური მსოფლიო კულტურის ნაწილი. მადლობა ყველას, ვინც 10 წლის განმავლობაში ასე უხმაუროდ, სამშობლოს სიყვარულით ამ დიდ შრომას ახერხებდა და საბოლოო ჯამში მთელმა მსოფლიომ იხილა უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემა, რომლის მსგავსი შესაძლოა ისტორიაში არ ყოფილა, რომელიც მსოფლიოს გააცნობს ჩვენი მდიდარი კულტურის ისტორიას“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა ანზორ ერქომაიშვილის და მისი წინაპრების ღვაწლს, რომლებიც უწყვეტად ემსახურებიან ქართულ კულტურას.

„ბატონი ანზორი არის ზნეობრიობის, ღირსების, სამშობლოს სიყვარულის ეტალონი, რომელიც ათწლეულებია უჩუმრად ემსახურება ქართულ კულტურას, აღადგენს, ამდიდრებს, აცნობს, გამოსცემს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ბატონი ანზორის გვარი, მისი წინაპრები - გიგო, არტემი, ანზორი, უწყვეტად ემსახურებიან ქართულ კულტურას, დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ და ოქროს ასოებით ჩაიწერებიან ქართული კულტურის ისტორიაში. ბატონი ანზორი ჩემთვის ეტალონია ბედნიერების, იმ მხრივ რომ სიყვარულით აკეთა ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა. რაც მთავარია, უნიკალური და საყვარელია თითოეული ჩვენგანისთვის. ბედნიერია ეს ადამიანი, რომ ათწლეულები შეალია თავის და ქართველი ხალხის საყვარელ საქმეს და კიდევ ბევრს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოზე, როგორც ღვინის და პოლიფონიის სამშობლოზე. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველო ღვინის და პოლიფონიის სამშობლოა.

„თუ ნახავთ ჩვენს თითოეულ კუთხეს - იმერეთი, ქართლ-კახეთი, გურია თუ სამეგრელო, ყველას არ ჩამოვთვლი, ჩვენს პოლიფონიურ ფოლკლორს, შეიძლება არც ნახო ქართველი კაცი, ისე მოახერხო გაცნობა ხალხური სიმღერით. ის, რომ პოლიფონიის სამშობლო და ღვინის სამშობლო საქართველოა, მე მგონი არ არის შემთხვევითი და კარგად აისახება ქართველი კაცის ხასიათში. ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ქართული სუფრა და მისი წესი, თავისი თამადით ეწოდება. ვფიქრობ, რომ ყოფითი ცხოვრების ყველაზე დიდი შენაძენი სიყვარული და ბედნიერებაა, ქართული სუფრა არის ჭეშმარიტად ყველაზე დიდი მონაპოვარი ადამიანის ყოფითი ცხოვრების, რამეთუ ქართული სუფრა არის ფოიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების. ყველაზე წარუმატებელი კაცი ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი. მე მგონია, რომ მაინც ღვინო იყო პირველადი, ღვინომ მოითხოვა სიმღერა, როგორც ხდება სუფრაზე, მას დასჭირდა გაძღოლაც და კარგი თამადაც ამისთვის აუცილებელია. ყოფითი ცხოვრების არსი სიყვარულია და ადამიანი იმისთვის იბადება, რომ უყვარდეს და მოახერხოს იყოს ბედნიერი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქართულ სუფრაზე იყრის თავს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ - უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკის და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.

წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსს და მისი მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება სთხოვეს ეთნომუსიკოსს და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს.

პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნას და სხვ. სამტომეულის ავტორების მიზანია ნაშრომი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის წარმომადგენელი ნადია გოცირიძე-კოლუმბუსი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.