გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იორმუღანლოელები ოჯახის ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებენ

14-11-2017

იორმუღანლოს თემის მცხოვრებლების ნაწილი ოჯახის ექიმს ნონა ხუციშვილს თანხის თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს. 
სოფელ ქეშალოში მცხოვრები მინა ომარ კიზი ერთადერთია, ვინც speqtri.ge-ს ინტერვიუზე ღიად დასთანხმდა. პირად საუბარში ამ საკითხზე თემის კიდევ რამდენიმე დაზარალებული მცხოვრები საუბრობს, თუმცა საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან.

როგორც მინა ომარ კიზი ამბობს, ექიმმა მისი, მეუღლისა და შვილის სახელზე 2000 ლარზე მეტი თანხა თი ბი სი ბანკიდან მათი ნებართვის გარეშე გამოიტანა. ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ ბანკში კრედიტი ჰქონდათ, რაც პრობლემური აქტივების ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ოფიციალური ცნობა გაუგზავნა.

-„სოციალურად დაუცვლები ვართ. ცუდად ვიყავით მეც და ჩემი მეუღლეც. ექიმთან მივედით კონსულტაციისთვის, წამლები დაგვინიშნა, საშუალება არ გვქონდა, რომ გვეყიდა. ნონამ მითხრა, ბანკში ანგარიში გახსენი, ერთჯერადად 100- ლარიან დახმარებას მოვაცემინებ, რომ წამლები შეიძინოთო. გაგვიხარდა, რადგან მედიკამენტების ყიდვის საშუალება არ გვქონდა. "თი ბი სი ბანკში" ხელი რაზე მომაწერინა არ ვიცი. სამი თვე რომ გავიდა, წერილი მოგვივიდა, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია და ჯარიმა გერიცხებათო. ბანკში მივედი და გავარკვიე, რომ თურმე კრედიტი მქონია აღებული მეც, ჩემს მეუღლესაც და შვილსაც. ჯარიმები ყოველდღე ემატება, თანხა როგორ უნდა გავისტუმრო, არ ვიცი. აი, დღეს გადავიხდი, აი, ხვალეო- მატყუებს, დრო გადის და პროცენტები უფრო იზრდება. მე 800 ლარი ამაღებინა, ჩემს მეუღლეს 900 და შვილსაც 900. მითხრა, ბანკში რომ მიხვალ და ანგარიშს გახსნი, ჩემი სახელი არ ახსენოთო, უთხარით ფული სხვამ უნდა გამომიგზავნოს და მაგიტომ მჭირდება ანგარიშიო. ბანკიდან წამოღებული საბუთები სულ თამილასთან (ნონა ხუციშვილის დედა-ოჯახის ექიმი) მივიტანეთ. დახმარება კი მივიღეთ, 100 მე და 150 ლარი ჩემმა მეუღლემ, მაგრამ ასეთ დღეში ჩავვარდით. ჩვენს სახელზე კრედიტები გამოიტანა. “

უკვე 2 წელია სოფელ მუღანლოში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ნონა ხუციშვილმა საბარათე ანგარიშიდან 4000 ლარი თანხა მოტყუებით მოახსნევინა. როგორც ქალბატონი ჩვენთან პირად საუბარში ამბობს, მისთვის ცნობილი იყო, რომ ბანკში თავდებად უნდა დასდგომოდა.

-„ ნონამ მთხოვა, კრედიტს ვიღებ, წამოდი და ჩემი მოწმე იყავიო. შვილი თურქეთში მყავდა, იქ მუშაოდა და თანხას მირიცხავდა კარტაზე. მეგონა, მართლა თავდებად ვუდგებდი, ისეთ საბუთზე მომაწერინა ხელი რომ 4000 ლარი თანხა ჩემი ანგარიშიდან გამოიტანა. იმედი აღარ მაქვს, რომ ამ თანხას დააბრუნებს. ვერც ვერაფერს ვამბობ, მეცოდება ნონა, მაინც ექიმი ქალია. “ -ამბობს იორმუღანლოს თემის მცხოვრები პირად საუბარში.

ამ ადამიანების მდგომარეობაში კიდევ რამდენიმე ოჯახია. ზოგიერთი მათგანი სამართლებრივი დავის დაწყებასაც აპირებს.

ფაქტს არ უარჰყოფს თავად ნონა ხუციშვილი. ის ჩვენთან სატელეფონო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ დაზარალებულებს თავად მოელაპარაკება და პრობლემასაც უახლოეს დღეებში მოაგვარებს.

ნონა ხუციშვილთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ, speqtri.ge-ს დედამისი, თამილა დათუნაშვილიც დაუკავშირდა, რომელიც ასევე იორმუღანლოს თემში ოჯახის ექიმია. ქალბატონმა თამილამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ სტატია არ გამოექვეყნებინა, დაზარალებულების კრედიტებს კი მისი შვილი დღის ბოლომდე დაფარავდა.

Speqtri.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ დრომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.


წყარო: "სპექტრი"