21-01-2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპარლამენტის საგარეო ათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა.
კახაბერ კუჭავამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, რუსეთი რჩება საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას, რომელიც ემყარება დეოკუპაციისა და შერიგების კონკრეტულ ნაბიჯებს. კახაბერ კუჭავამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპელ კოლეგებს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. „საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ქვეყანას გააჩნია ამბიციური გეგმა და მოსახლეობის უმრავლესობის მკაფიო მხარდაჭერა - კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული პერსპექტივის არსებობა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
მან ასევე, მიმოიხილა დემოკრატიული რეფორმების გზით საქართველოს მიერ მიღწეული კონკრეტულ შედეგები და ევროპარლამენტარებს ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ძირითადი აქცენტები გაკეთდა საკონსტიტუციო რეფორმაზე და მის ფარგლებში შემუშავებულ საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე. საუბარი შეეხო ნოემბერში განვითარებულ მოვლენებს და სახელისუფლებლო გუნდსა და ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მიმდინარე დიალოგს. აღინიშნა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წარმატებით განხორციელება, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების მიერ. მოხსენების ბოლო ნაწილი საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს ეხებოდა.
კახაბერ კუჭავას მოხსენებაში ხაზგასმით იქნა აღნიშნული ევროპარლამენტარების მხარდაჭერისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებების მნიშვნელობა, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ეყრდნობოდეს ობიექტურ ინფორმაციასა და უტყუარ ფაქტებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, ევროპარლამენტარებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა მიმართა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ჰუმანიტარულ კრიზისსა და ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე.