გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გურამ ნიკოლაშვილი ბათუ ქუთელიაზე: ისინი მზად არიან პარტიას ემსახურონ იმ ფრონტზე, სადაც საჭიროა. ბათუ ქუთელიას შემთხვევაში ეს დოკუმენტურადაც დადასტურდა

3-02-2020

„ადამიანები, რომლებიც მედია სივრცეში პოზიციონირებენ სხვადასხვა ხმამაღალი დასახელების ორგანიზაციების სახელით, ატარებენ ელჩების, ექსპერტებისა და პროფესორების წოდებას, სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი აქტიური წევრები არიან. ისინი მზად არიან პარტიას ემსახურონ იმ ფრონტზე, სადაც საჭიროა. ბათუ ქუთელიას შემთხვევაში ეს დოკუმენტურადაც დადასტურდა” - განაცხადა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ საჯარო პოლიტიკის სპეცილისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამგვარ პირთა პოლიტიკური ლეგალიზება, მათ არ უნდა დამალონ ის ინტერესი, რასაც წარმოადგენენ და ატარებენ საჯარო სივრცეში. მედიასაშუალებებმა კი კარგი იქნება წყაროების მოხმობისას სწორად მიუთითონ ამა თუ იმ რესპონდენტის რეგალია და პოლიტიკური აფილაცია.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნა ნაცმოძრაობის მიერ გაფორმებულ კონტრაქტს ამერიკულ ლობისტურ კომპანია ორიონ სტრატეჯისთან. ლობისტურ ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია ორი პარტნიორით, რესპუბლიკელი რენდი შენემანითა და მაიკ მიტჩელით.

2019 წლის 26 ნოემბერს ტელეიმედზე თოქშოუ არენაში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ასახულია რესპუბლიკელი რენდი შენემანის კავშირი მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან. სიუჟეტის ფოკუსში რენდი შენემანი მოექცა, როგორც ამერიკული „IRI“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კითხვის ნიშანი გაჩნდა ამ ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებულ კვლევებთან მის აფილაციასთან და ზეგავლენასთან დაკავშირებით. სიუჟეტის პასუხად რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, სადაც უარყოფილია ნებისმიერი შესაძლებლობა რენდი შენემანის მიერ, იქონიოს მიკერძოებული ზეგავლენა კვლევების შედეგებზე ვინმეს სასარგებლოდ. ორგანიზაცია სამომავლოდაც იღებს ვალდებულებას არ მიაწოდოს რენდი შენემანს საქართველოსთან დაკავშირებული მასალები. სიუჟეტის მომზადებისას ნაჩვენები იყო კონტრაქტი ორიონსა და ნაცმოძრაობას შორის, თუმცა არ გაკეთდა შეფასება დამკვეთის ვინაობის შესახებ, თუ რატომ წარმოადგენს ბათუ ქუთელია ნაციონალურ მოძრაობას და რას უკვეთავს ლობისტებს” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, ორიონ სტრატეჯის მომსახურებით საქართველოს მთავრობა უწყვეტად სარგებლობდა 2004-დან 2012 წლების ჩათვლით. ამ პერიოდში გაფორმებული 11 ხელშეკრულება ორიონთან, რომელიც მთლიანად მოიცავს ნაცმოძრაობის მმართველობის ხანას, საქართველოს ბიუჯეტს 2 მილიონ 145 ათასი დოლარი დაუჯდა.

„ფორმალური კონტრაქტების მიღმა ცხადია დგას მნიშვნელოვანი არაფორმალური ურთიერთობა. იდეაში ლობიზმის არსიც სწორედ ესაა, არაფორმალური გავლენის განხორციელება ამა თუ იმ გადაწყვეტილების სასარგებლოდ. ამის მიუხედავად, კონტრაქტი შეიცავს იმ ძალიან საყურადღებო გარემოებას, რაც გახმიანდა დღევანდელ ბრიფინგზე. გრაფაში, სადაც მოცემულია პარტიის მისამართი და კონტრაქტის მიზანი, ნახსენებია მხარის, ანუ ნაცმოძრაობის მთავარი წარმომადგენელი ლობისტებთან ურთიერთობაში.

ბათუ ქუთელიას სახელი და გვარი კარგადაა ნაცნობი ქართული საზოგადოებისთვის. იგი ქართული მედიასაშუალებების ხშირი რესპოდენტია, უახლოეს წარსულში კი მას მაღალი თანამდებობები ეჭირა. იგი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე გიგა ბოკერიას მდივნობის პერიოდში. დღეს კი იგი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი და ჯონ მაკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელია.

მისი ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ: საქართველოს ატლანტიკური საბჭო არის არაკომერციული, პოლიტიკურად არააფილირებული, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა და ფუნქციონირებს 1996 წლიდან. იგი წარმოადგენს ე.წ. ქოლგა ორგანიზაციას, რომლის ფარგლებშიც ერთიანდებიან ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის მომხრე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სწრაფ განვითარებას.

ორგანიზაცია ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციის ქოლგის ქვეშ მჭიდროდ ურთიერთობს ვაშინგტონში დაფუძნებულ ატლანტიკურ საბჭოსთან.

დამთხვევათა ეს ჯაჭვი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, თუ რატომაა უცვლელი ციტირებით მოცემული ფეისბუკის მიერ ქართული ანგარიშების დახურვის შესახებ ინფორმაცია კონგრესმენთა წერილებში. შეგახსენებთ, რომ სწორედ ატლანტიკური საბჭოს მიერ დაფუძნებულმა ელექტრონულმა ლაბორატორიამ იმუშავა ახალი ამბების სააგენტოებად პოზიციონირებული ანგარიშების დასახურად.

ლაბორატორია 2 წლის წინ ფეისბუქის დაფინანსებით შეიქმნა სწორედ ატლანტიკური საბჭოს ფარგლებში. შესაბამისად, პირი, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე იყო ნახსენები, რატომღაც ერთადაა დაკავშირებული ნაცმოძრაობასთანაც, მის ლობისტებთანაც, ატლანტიკურ საბჭოსთანაც და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთანაც” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.