4-02-2020
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ცნობით, ბაღდათში მცხოვრებ ოჯახს, რომელშიც ტრაგედია დატრიალდა, სოციალური დახმარება მოხსნილი არ ჰქონია.
როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად დედასთან სტუმრად იყო მისული, როდესაც სახლში ხანძარი გაჩნდა.
„გამოძიება და ექსპერტიზა მიმდინარეობს. საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში გვექნება, დედა ფეხმძიმედ იყო თუ არა, თუმცა მეზობლებისგან ვიცით, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა საქართველოსთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის. რეალურად, გამოძიება რა შედეგებს გვიჩვენებს, ამას უკვე მოგვიანებით გავიგებთ“, - განაცხადა შალამბერიძემ.
მისი ინფორმაციით, სახლი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ხის და ძველი იყო.
„ეს ძველი, მიტოვებული სახლია, სადაც წლების განმავლობაში არავინ ცხოვრობდა. მეპატრონეებსაც მიტოვებული ჰქონდათ 20-30 წელი და არავინ ცხოვრობდა. ეს ოჯახი ეკომიგრანტი იყო და შესაბამისად, ეკომიგრანტებს სხვადასხვა ადგილებზე სახელმწიფო ბინით დაკმაყოფილებაში ეხმარება, მათ შორის იყო ეს ოჯახიც. რამდენიმე წლის წინ გადაეცათ ბინა, მათ ეს რეესტრშიც დამტკიცებული აქვთ. ისინი ფაქტობრივად, გუშინ წინ შევიდნენ ამ სახლში და გარდაცვლილი ქალბატონის დედა თვითნებურად იყო შესული ამ სახლში“, - განაცხადა შალამბერიძემ.
კითვაზე, სოციალური დახმარების მოხსნის შიშით ხომ არ შეაფარა ოჯახმა სახლს თავი, შალამბერიძემ უპასუხა:
„ეს ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მათ იმ სახლში მიიღეს სოციალური დახმარება და იმ სახლში იღებდნენ. მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური პაკეტი იყო. დახმარება მოხსნილი არ ჰქონდათ. უბრალოდ, პერიოდულად ხდება იმ ოჯახების გადამოწმება, ვინც სოციალურ დახმარებას იღებს. სწორედ ამის გამო იყო შეჩერებული სოციალური დახმარება და არა მოხსნილი. მათ სოციალური დახმარება გარკვეული პერიოდის შემდეგ აღუდგათ და გაცდენილი პერიოდის თანხა, თუ არ ვცდები, 2 ათასი ლარი ერთად მიიღეს და მას შემდეგ ყოველთვიურად 1180 ლარს იღებდნენ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.