გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთში ახალი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა გამოჩნდა - აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის ყოფილი მონაწილე და ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ნათესავი

4-02-2020

აფხაზეთში პოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. 13 იანვარს, პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა განცხადებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ამას წინ უძღოდა მასობრივი პროტესტი, ოპოზიციის შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი პოსტიდან ჩამოშორების შესახებ.


ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს დაინიშნა. მანამდე კი, დროებით, პრეზიდენტის მოვალეობას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ვალერი ბგანბა შეასრულებს.


რატომ განვითარდა კრიზისი ასე სწრაფად, რა ფარული მიზეზები აქვს და რას უნდა ველოდოთ მომავალში?


სულ რაღაც ექვს თვეში, პრეზიდენტისადმი ასე რატომ შეიცვალა დამოკიდებულება?


2019 წლის 8 სექტემბერს, რაულ ხაჯიმბამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და მეორე ვადით დაიკავა აღნიშნული თანამდებობა. ოპოზიცია ამას თავიდანვე აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ გამარჯვება არ ყოფილა, რადგან ხაჯიმბამ ხმათა მხოლოდ 47 პროცენტი დააგროვა და ეს იმ დროს, როდესაც კანონით, გამარჯვებისათვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან 50 პროცენტს +1 ხმის დაგროვება. 2020 წლის იანვრის მოვლენებმა, ამ ბრალდებების სამართლიანობა დაამტკიცა.


თუმცა, არავინ დავობდა რაულ ხაჯიმბას მიერ მიღებული 47 პროცენტის სამართლიანობაზე. როგორ მოხდა, რომ სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ, მისი ნდობის რეიტინგი ისე დაეცა, რომ მისი ძალაუფლების დამცველი უბრალოდ აღარავინ აღმოჩნდა?


საზოგადოებაში ბევრი ამბობს, რომ გადამწყვეტი ფაქტორი მოსახლეობის უმრავლესობისთვის გახდა არა ის 4 პროცენტი, რომელიც ხაჯიმბას არჩევნებზე დააკლდა, არამედ 5 იანვარს, პრეზიდენტის დაცვის წევრის დაკავება 2019 წლის ნოემბერში, სოხუმის სანაპიროზე სამი ადამიანის ჩაცხრილვაში მონაწილეობის ბრალდებით.


ისინიც კი, ვინც 2019 წლის არჩევნებზე ხმა მისცა ხაჯიმბას და მისი ერთგულები იყვნენ, ასევე ისინი, ვინც დარწმუნებულები იყვნენ (ასეთია უმრავლესობა), რომ მან არ იცოდა საკუთარი დაცვის წევრის კრიმინალური საქმიანობის შესახებ, არ აღმოჩნდნენ მზად ხელისუფლებისა და კრიმინალის ასეთი ღია შერწყმისათვის და აუცილებლად მიიჩნევდნენ მის გადადგომას.


„როგორ შეიძლება მართო, როდესაც იმის საქმის კურსშიც კი არ ხარ, რასაც შენ ცხვირწინ, შენივე დაცვის წევრი აკეთებს?“, – ამას დღეს ბევრი ამბობს აფხაზეთში.


ოპოზიციის ლიდერი, რომლის მოწამვლაც სცადეს, სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ პროცესებს


როდესაც 9 იანვარს, ოპოზიციის მომხრეები შტურმით იღებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას, აფხაზეთში დაბრუნდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია.


ის მოსკოვში რეაბილიტაციის კურსს გადიოდა მას შემდეგ, რაც სავარაუდო მოწამვლის მცდელობას გადაურჩა.


2019 წლის აპრილის შუაში, ასლან ბჟანია მოულოდნელად კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ჯერ მოსკოვში, მოგვიანებით კი ბერლინის საავადმყოფოში მოათავსეს. იქ მის სისხლში აღმოაჩინეს მძიმე მეტალების, ვერცხლისწყლის, კადმიუმისა და ალუმინის მაღალი კონცენტრაცია.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო და სერიოზულ კონკურენციას უწევდა ხაჯიმბას. თუმცა, მძიმე მდგომარეობაში ყოფნის გამო, ასლან ბჟანია იძულებული გახდა საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა და ოპოზიცია ფრაგმენტებად დაიშალა.
სოხუმში დაბრუნებულმა ასლან ბჟანიამ საკუთარ თავზე აიღო უკმაყოფილო მასების პოლიტიკური ხელმძღვანელის ფუნქცია. სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს რაულ ხაჯიმბასთან რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის თანდასწრებით, პრეზიდენტის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ.


როგორც ჩანს, 22 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ოპოზიცია ფსონს ისევ ასლან ბჟანიაზე ჩამოვა, როგორც საერთო კანდიდატზე. მან უკვე განაცხადა, რომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.


საკუთარი კანდიდატურის წარდგენის განზრახვის შესახებ განცხადება, აფხაზეთის შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა, ლეონიდ ძიაპშიპამაც გააკეთა.


მესამე ძალა – გავლენიანი პოლიტიკოსი, ექსპრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი


ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისთვის მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც გავლენიანი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ექსპრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი და მისი პარტია, „აიტაირა“ მიიღებს.


ანქვაბს აქტიური მონაწილეობა არ მიუღია რაულ ხაჯიმბას დამხობის აქციებში. მაგრამ იმ დღეს, როდესაც პროტესტის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლე დაიპყრეს, სწორედ მისმა პარტიამ გააკეთა განცხადება, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ პრეზიდენტ ხაჯიმბას გადადგომა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა შეიძლება ყოფილიყო.


როგორც წესი, ანქვაბი საკუთარი გზით დადის და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჯერადაც არ გაერთიანდება ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელსაც ასლან ბჟანია უდგას სათავეში.


2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მან კანდიდატად ოლეგ არშბა წარადგინა. რადგან იმ არჩევნებზე არშბამ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, სავარაუდოდ, ამჯერად ანქვაბისა და „აიტაირას“ კანდიდატი ვინმე სხვა იქნება.


ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხაჯიმბამ თავად იყაროს კენჭი, მაგრამ, დიდი ალბათობით, ძალაუფლებისთვის მაინც იბრძოლებს
თანამდებობიდან გათავისუფლებულ რაულ ხაჯიმბას ჰიპოთეტურად ახალ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა შეუძლია, ამისათვის არანაირი იურიდიული წინააღმდეგობა არ არსებობს.


მაგრამ, მაინც, როგორც ჩანს, მისი მომხრეებიც კი ვერ გაუგებენ, თუკი ის ამაზე წავა.


თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ „ხაჯიმბისტებიდან“ არავინ იქნება წარდგენილი საპრეზიდენტო რბოლაში. სრულიად შესაძლებელია, ასეთი ადამიანი გახდეს სოხუმის ახალი მერი, კან კვარჩია. მისი პოპულარობა ამ პოსტზე დანიშვნიდან ანუ 2019 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, საგრძნობლად გაიზარდა.


ახალი გავლენიანი ფიგურა – ექსმებრძოლი, „კანონიერი ქურდის“ ნათესავი


ყველა ზემოთ ნახსენები პოლიტიკური მოთამაშე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ აფხაზურ პოლიტიკურ ველზე ახალი ლიდერი გამოჩნდა.
ახრა ავიძბა აღმოსავლეთ უკრაინაში იმ რეგიონების მხარეს იბრძოდა, რომლებმაც ცალმხრივად გამოაცხადეს საკუთარი დამოუკიდებლობა ოფიციალური კიევისგან. ის ახლო ნათესავია ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ალხაზ ავიძბასი, ერთ-ერთი მათგანის, რომელიც 2019 წლის ნოემბერში, სოხუმის სანაპიროზე, სკანდალური ჩაცხრილვისას მოკვდა.


სწორედ ახრა ავიძბამ მიიყვანა ხალხი პრეზიდენტის სასახლესთან და წაიყვანა შტურმზე, რამაც, საბოლოოდ, განსაზღვრა კიდეც მოვლენების ბედი. ოპოზიციის ლიდერები ამ დროს უზენაესი სასამართლოს სხდომაში იღებდნენ მონაწილეობას და იმედი ჰქონდათ, რომ საკასაციო კოლეგია გააუქმებდა ცესკოს გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბას გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ.


ახრა ავიძბა 34 წლისაა და ვერ ეტევა ასაკობრივ ცენზში, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატისთვისაა დაწესებული. კანონის თანახმად, პრეზიდენტი შეიძლება გახდეს 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.


მიუხედავად ამისა, პროცესებზე გავლენის მოხდენა, თანაც საკმაოდ სერიოზულის, ავიძბას ნამდვილად შეუძლია.



წყარო: jam-news.net



p.s. სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.