გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ეს არის თავსმოხვეული მესიჯი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, თითქოს ყველაფერი, რაც არ არის პროპორციული, არის უსამართლო

6-02-2020

„არ ვისურვებდი დავით უსუფაშვილის ადგილზე ყოფნას. მას გუშინ ოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოუწია სამწუხარო ტყუილის თქმა ერთ-ერთ ეთერში, რომ თურმე დასკვნის თანახმად გაირკვა, თითქოს გერმანული მოდელიც  შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი პირდაპირი ტყუილი თქვა მან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში "დღის ქრონიკაში".  

ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, რა უძღოდა წინ ოდირის დასკვნას. 

„ჩვენ ვმსჯელობდით თუ რამდენად შეესაბამებოდა გერმანული მოდელის ეს ვერსია საქართველოს კონსტიტუციას. იყო სხვადასხვა პოზიციები. ჩვენ გვქონდა მყარი არგუმენტები, თუმცა თავისას ამტკიცებდა ოპოზიციაც. ამ ფონზე ოპოზიციამ სთხოვა ომბუდსმენს, რომ ოდირისგან მიეღო პასუხი ამ კითხვაზე. მთელი ეს კორესპონდენცია, რომელიც გერმანულ მოდელს უკავშირდებოდა, შეეხებოდა მხოლოდ კონსტიტუციასთან შესაბამისობას. ამით გვემუქრებოდნენ ჩვენ. გვეუბნებოდნენ, რომ აი, ახლა გაიგზავნება ოდირში ეს დოკუმენტი და ოდირი დაადგენს, შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას გერმანული მოდელი. ეს იყო მთელი წინა ისტორია, ამისთვის გაიგზავნა შესაბამისი პროექტი ოდირში და არა სხვა მიზეზების გამო. ოდირმა განაცხადა, რომ მისი საქმე არ არის კანონპროექტის კონსტიტუციურობის შეფასება. პატარა ბავშვებივით სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო ოდირის წარმომადგენლებმა ამ შემთხვევაში ოპოზიცია. უთხრეს, რომ ისიც კი არ იცით, სად უნდა გაიგზავნოს კანონპროექტი კონსტიტუციურობის დასადგენადო. ერთადერთი ინსტანცია, ვისაც ამის დადგენა და შესაბამისი დასკვნის მომზადება შეუძლია, არის ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლო, მათ კი ასეთი კითხვა გაგზავნეს არა საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ ოდირში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

მისი თქმით, გუშინ ოპოზიციამ სცადა  პირველი ეფექტის მოხდენა და ამ  უხერხული მდგომარეობაის გადაფარვა,  თუმცა ეს ტყუილი დღეს უკან მოუბრუნდათ. 

„ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის უმარტივესი. ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ეს არის სახელმწიფოს  სუვერენული უფლება. ოდირის დასკვნაში წერია, რომ სამართლიანია როგორც პროპორციული სისტემა, ასევე, თუნდაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა და შერეული საარჩევნო სისტემაც. აქ სამართლიანობაზე დავა არ არის და ვერ იქნება. ეს არის თავსმოხვეული მესიჯი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, რომ თითქოს ყველაფერი,  რაც არ არის პროპორციული, არის უსამართლო“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოდირის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც კონსენსუსს ეხება, ირაკლი კობახიძემ გაიხსენა  „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული განაცხადი.

„ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ რამდენიმე თვე არ გავიდნენ ქუჩიდან. ასეთ ოპოზიციას რანაირ კონსენსუსზე უნდა ელაპარაკო, ჩემთვის აბსოლუტურად  წარმოუდგენელია. ესენი არ იყვნენ ამ კონსენსუსისთვის მზად არც 2016 წელს, როცა უსუფაშვილი ელაპარაკებოდა ოპოზიციას და ვერ დაარწმუნა ისინი. უსუფაშვილის ერთ-ერთ განცხადებას გაგახსენებთ, რომ რანაირად შეიძლებოდა რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება გაგვეტანა, როცა ამას ქართული ოცნების და ნაცმოძრაობის ხმები ერთად სჭირდებოდაო. თუ მაშინ იყო შეუძლებელი კონსენსუსი, დღეს როგორ არის შესაძლებელი. ანუ ყველა სიტყვაში იტყუებიან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გამოწვევა არის ძალიან მარტივი. 

„ერთი ჩვენი  გამოწვევა არის ის, რომ გვინდა უფრო დავუახლოვოთ ეს სისტემა პროპორციულს და ეს ნება ჩვენ გვაქვს გამოცხადებული.   მეორე ამოცანა არის ის, რომ იმ ინიციატივამ, რომელიც იქნება საბოლოო ჯამში განხილული პარლამენტში, არ უნდა გამოიწვიოს რაიმე ჭარბი ვნებათაღელვა საპარლამენტო უმრავლესობაში. 100/50 არის ის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად პროპორციულს ხდის საარჩევნო სისტემას და არ იწვევს უარყოფით პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობაში. თუ ოპოზიცია რაციონალურად მიუდგება საკითხს, ამ შემთხვევაში, ისინი გაიაზრებენ მთელ ამ კონტექსტს და დაეთანხმებიან მთელ ამ სისტემას ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩება ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის დონეზე 77 /73. ვითვალისწინებთ ყველაფერს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევას კონსულტაციებთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ კონსულტაციებს, მაგრამ ეს კონსულტაციებიც, ბუნებრივია, დიდხანს ვერ გაგრძელდება, ჩვენ გვჭირდება პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე. ან მივიღებთ დადებით პასუხს ან დარჩება ის სისტემა, რომელიც ოდირის ამავე დასკვნის თანახმად, არის ასევე სამართლიანი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.