გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო წილოსანი: RMG-ის მიერ შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების კუთხით არსებული და სხვა საფრთხეების მოგვარება საუკეთესო თანამშრომლობის ფორმატში ხდება

12-02-2020

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კაზრეთში RMG-ის კუთვნილი საოპერაციო ტერიტორიები დაათვალიერეს და გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

წარმოების პროცესი, მათთან ერთად, დაათვალიერეს და მადნეულის კარიერის რამდენიმე სანაყარო და საყდრისის უბანი მოინახულეს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შექმნილი ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებმა, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.

გასვლითი ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარებისთვის უკვე განხორციელებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ მიაწოდა. მისი თქმით, არემჯის აქვს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიწერილობის ფორმატი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. კომპანიისთვის მიწერილობის ფარგლებში არსებული ღონისძიებების დამთავრების წლად განსაზღვრულია 2020 წელი.

„ვფიქრობ რომ კომპანიამ შეძლო და გადალახა მასზე დაკისრებული ვალდებულებების დიდი ნაწილი. წელს დასრულდება გამწმენდი ნაგებობები, ანუ ჩვენგან გამდინარე წყალი სრულად მოხვდება გამწმენდ ნაგებობებში და ისე ჩაედინება მდინარე მაშავერაში. ეს იქნება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც კომპანია ახორციელებს. ბევრი პრევენციული ღონისძიებაა დანერგილი ეკოლოგიის მიმართულებით, რომელთა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, უკვე განხორციელებული გვაქვს“, - განაცხადა RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, კომპანიას, სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტაციით, გადასაწყვეტი 100-ზე მეტი საკითხი აქვს, რომლებიც გონივრულ ვადებში უნდა შესრულებულიყო - ეს შეეხება როგორც წყლის მონიტორინგს, ასევე გამწვანების და ეკოლოგიის მიმართულებას, მტვერდამჭერ სისტემებს, გზის საფარის მოწყობას, რომელიც საბოლოო ჯამში ეკოლოგიაზე ახდენს გავლენას და მათგან კომპანიას არც ერთ პუნქტში არა აქვს ჩამორჩენა, პირიქით, ზოგიერთი ღონისძიება რამდენიმე თვით წინმსწრებადაც კი ხორციელდება.

ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში 2018 წლის ივნისში შეიქმნა და კომიტეტის წევრებით, საყდრისის კომიტეტის და მწვანე პოლიტიკის პლატფორმის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. სამუშაო ჯგუფის მიზანი RMG-ის ოპერირების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესწავლა და იმ რეკომენდაციების შემუშავება იყო, რომელიც განსაზღვრავდა კომპანიის მიერ ჩასატარებელ იმ სამუშაოებს, რაც შესაძლებელს გახდიდა მინიმუმადე დაეყვანათ რეგიონის გარემოს დაბინძურება.

საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში, მისმა წევრებმა დიდი სამუშაო გასწიეს - სამუშაო ჯგუფი მუდმივად ახორციელებდა გასვლით შეხვედრებს და აწარმოებდა მონიტორინგს კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, შედეგად, სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს მიმართა წერილით, რათა გარემოსდაცვითი მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობის თაობაზე კომპანიისთვის განესაზღვრათ სამოქმედო გეგმა.

სამუშაო ჯგუფის წევრის, საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, კომპანიამ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხაზით, ბოლო წელიწადნახევარში მართლაც დიდი მასშტაბის სამუშაოები განახორციელა.

„ჯგუფი შეიქმნა 2018 წელს და კომპანია არემჯიში გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მოტივაციაც, ძირითადად, სწორედ აქედან გაჩნდა და, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ხარისხმაც სწორედ ამ დროიდან აიწია და თუ კი რამე გაკეთებულა მასშტაბური, სწორედ ამ წელიწადნახევრის პერიოდში გაკეთდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საპარლამენტო ჯგუფი, ისევე როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, თუ ახლანდელი, საკმაოდ დიდი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ თემებს“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ. მისივე თქმით, თუმცა იმაზე ლაპარაკი, რომ დაბინძურების ყველა წყარო აღმოფხვრილია, ჯერ ნაადრევია, გამოწვევები არის და ჯგუფი კვლავაც გააგრძელებს მონიტორინგს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებითაც, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ინტენსიურად მუშაობს პრობლემების მოგვარებაზე და არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე. „რაც მართლაც რომ მნიშვნელოვანია, კომპანია გახდა უფრო გახსნილი და საზოგადოება პერიოდულად იღებს ინფორმაციას აქ მიმდინარე საქმიანობის შესახებ. ხაზგასასმელია ასევე სამოქალაქო წარმომადგენლობის ჩართულობა ამ პროცესებში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიამ რეგულარულად დაიწყო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, მართალია გამოწვევები რჩება, მაგრამ მან იმედი გამოთქვა, რომ პრობლემური საკითხების ძირითადი ნაწილი 2020 წელს აუცილებლად იქნება გადაწყვეტილი.

ნინო წილოსანის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ძირითადი სამუშაოები, ფაქტობრივად, დაწყებული აქვს მას მერე, რაც პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო ფუნქციონირება, უკვე განხორციელებული აქვს ძალიან სერიოზული სამუშაოები - წყლის გამწმენდი რეზერვუარები, ავზები, მტვრის შემაკავებელი და გამფილტრავი ნაგებობები იქნება ეს თუ ტერასები, რომლებიც როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე ეკოლოგიური მიზნით არის გაკეთებული.

„ყველამ ერთად ვნახეთ ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელა. შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების კუთხით არსებული და ასევე სხვა საფრთხეები, რაც არსებობდა, ფაქტობრივად საუკეთესო თანამშრომლობის ფორმატში არის მოგვარებული. წყლის რეზერვუარების გაკეთება, მტვერდამჭერების, ტერასების მოწყობა საბადოებზე - ეს ის აუცილებელი წინაპირობა იყო, რაც კომპანიას უნდა შეესრულებინა როგორც სამინისტროს მიწერილობით, ასევე ამ სამუშაო ჯგუფის მოთხოვნით და ეს სამუშაოები წარმატებით ხორციელდება“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, პარლამენტის სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას და ფაქტობრივ მონიტორინგს, რაზეც თავად კომპანიის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ ძალიან კარგი პრეცედენტია თანამშრომლობის. „ეს მათი მხრიდან გარკვეულწილად იწვევს მოტივაციის ამაღლებასაც და უზრუნველყოფს უფრო მეტი სამუშაოების ჩატარებას უფრო ადრეულ ვადაში, ვიდრე ეს შეიძლება მიწერილობაში იყოს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.