ზურაბ პატარაძე ზემო აჭარაში უამინდობით გამოწვეულ მდგომარეობას გაეცნო
1-02-2018
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უამინდობით გამოწვეულ მდგომარეობას ეცნობა. რეგიონის პირველი პირი ქედაში, ბათუმი-ხულოს გზის დოლოგნის მონაკვეთზე განვითარებული მეწყრის შედეგებს მუნიციპალიტეტის მერთან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.
ადგილზე დილიდანვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მუშაობენ გეოლოგები. ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერი 12 ადგილზე განვითარდა. ჩაიხერგა მოსახლეობასთან მისასვლელი და შიდა სასოფლო გზები. სამუშაოები დილიდანვე დაიწყო და უმეტესი ლოკაცია უკვე გაწმენდილია. გზები უწყვეტ რეჟიმში იწმინდება. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია დანდალოს და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სოფელ ნამონასტრევსა და სილიბაურში ენერგო-პრო ჯორჯიას ბრიგადები მობილიზებულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
დღესვე, ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბის ცენტრში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და იქ მყოფ მოსახლეობას გაესაუბრა.
შუახევის დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 20-40 სმ-ია, მაღალ ზონაში ერთ მეტრს გადააჭარბა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება ამ დროისთვის თავისუფალია. მაღალი ზონის სოფლებში კი გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით. გზები იწმინდება ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით. მუშაობს საგზაო დეპარტამენტის 14 ერთეული ტექნიკა.