გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანასეულში რადიაციული კერების სრულყოფილი კვლევა იწყება

1-02-2018

12-წლიანი აქტიური მუშაობის, რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების, დოკუმენტების და კვალიფიციური წყაროების მოძიება/გასაჯაროების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში, იქ, სადაც რადიაციის კერებია, რაც საზოგადოებისთვის "გურია ნიუსიდან" ჯერ კიდევ 2005 წელს გახდა ცნობილი, კვლევა-ძიების სამუშაოები იწყება.

უფრო კონკრეტულად კი, იწყება ტერიტორიის დეტალური და სრულყოფილი გამოკვლევა, რომლის აუცილებლობაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.

სწორედ ამ მიზნით სტუმრობდნენ ანასეულს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიაქტიური ნარჩენების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ნაბახტიანი და მთავარი სპეციალისტი გიორგი მასპინძელაშვილი.

მაღალი დონის სპეციალისტების ანასეულში სტუმრობა "გურია ნიუსში" რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას მოჰყვა, რომელშიც საუბარი იყო ახალ კერებზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე.

სპეციალისტებმა რადიაციული ფონი ადგილზე ჩვენთან ერთად გაზომეს და აღნიშნეს, რომ, ზედაპირზე გამოსხივების დონე დასაშვებია. რაც შეეხება კვლევებს, სააგენტო პროექტის გახორციელებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ამინდები გამოვა:

"2017 წლის ოქტომბერში გაფორმდა ხელშეკრულება შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრთან და უკვე დაწყებულია პროექტი შვედი ექსპერტების ჩართულობით ამ ტერიტორიის დეტალური და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით. პროექტის ფარგლებში იგეგმება მიწის ზედაპირის განმეორებითი, დეტალური რადიოლოგიური მონიტორინგი და დაბინძურებულ ადგილებზე რადიონუკლიდების მიწის სიღრმეში განაწილების შესწავლა. ჩატარდება გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი ნაბახტიანმა.

მისივე თქმით, კვლევების დასრულების შემდეგ, მომზადდება დეტალური გეგმა, რომელშიც პრობლემის მოგვარების მეთოდები გაიწერება და კონკრეტული სამუშაოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებენ.

მისივე თქმით, თავდაპირველად გასუფთავდება ტერიტორია, რადგან ყველა კერასთან მისვლა შეძლონ.

ნაბახტიანის თქმით, აუცილებლად შემოწმდება იმ ლაბორატორიის სარდაფი, სადაც გასული წლის 80-იან წლებში ცდებს ატარებდნენ და სადაც, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, რადიაქტიური ნივთიერებებით სავსე კონტეინერი ინახებოდეს:

_ სპეციალური მოწყობილობით გავსინჯეთ რადიაციის დონე სარდაფში, თუმცა, საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა. პროექტის ფარგლებში აუცილებლად ჩავალთ შიგნით და გადავამოწმებთ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ იქ არაფერია, რადგან რაც არ უნდა დაცული იყოს კონტეინერი, გამოსხივებას აჩვენებდა. მაგრამ ყოველგვარი ეჭვის გასაქარწყლებლად, დეტალური შესწავლა ჯობს. ამით ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულნი და ეს პროექტიც ამას ემსახურება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გიორგი ნაბახტიანმა.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიაქტიული ნარჩენების დეპარტამენტის უფროსის თქმით, არც ერთი კვლევა და შედეგი არ დაიმალება და ყველაფერი საჯარო იქნება.

ნაბახტრიანის თქმით, მისთვის უცნობია, რატომ დაადეს ამ თემას გრიფი _ "საიდუმლო". ამბობს, რომ პირიქით, ეს ის საკითხია, რომელზეც საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

არადა, 2005 წელს, როცა "გურია ნიუსმა" გაასაჯაროა იმდროინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი გრიფით _ "საიდუმლო", რომლის მიხედვითაც, იგი ვითარების შესწავლას და შემდგომ რეაგირებას ითხოვდა, ჩვენი გამოცემის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნების გამო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე საზოგადოებრივ, მაღალ ინტერესს ეხებოდა, მერაბიშვილს დავა მოვუგეთ და ამის შემდეგ, ამ თემით სხვა უწყებებით დაინტერესდნენ. თუმცა, მაშინ მხოლოდ ფორმალურად. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, დეტალური კვლევა ახლა იწყება.

ამ ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თემით პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გარდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროც დაინტერესდა.

როგორც გაირკვა, "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წერილი პირადად მიწერა და სიტუაციის დროული შესწავლა და რეაგირება ითხოვა.

გულედანისთვის მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი აწერს, ვკითხულობთ:

"აღნიშნული პრობლემა სათავეს იღებს ოთხმოციანი წლებიდან, როდესაც ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია გაძარცვეს და იქ განთავსებული რადიაქტიური ნივთიერებების შემცველი ამპულები დაამტვრიეს ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შედეგადაც მოხდა ნიადაგის დაბინძურება. სამწუხაროდ, ინსტიტუტის გაძარცვის და დაშლის შემდეგ, არ შემორჩა დოკუმენტაცია, კონკრეტულად რა სახის და ოდენობის რადიაქტიური ნივთიერებები ინახებოდა ლაბორატორიაში. ამიტომ, ყველა მონაცემი, რომელიც გააჩნია სააგენტოს, მიღებულია წლების განმავლობაში ჩატარებული რადიოლოგიური გაზომვების შედეგად. პირველი გაზომვები დაბა ანასეულში ჩატარდა 2006 წელს და მის შემდეგ მუდმივად ხდებოდა მონაცემების გადამოწმება, როგორც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის, ასევე, რეორგანიზაციის შემდეგ, ჩვენი სააგენტოს მიერ.

პირველად ჩატარებული გაზომვების შედეგად დაფიქსირებულია Cs-137-ით დაბინძურებული რამდენიმე ათეული ადგილი, რომელთაგან მაქსიმალური გამოსხივების დოზის სიმძლავრე შეადგენდა 75მკზვ/სთ-ს (მიკროზივერტი საათში), ხოლო მინიმალური _ 0.5 მკზვ/სთ-ს.

2013 წელს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მხარდაჭერით გახორციელებული პროექტის ფარგლებში, მოხდა მეტად დაბინძურებული მიწის ლაქების მოჭრა და კონსოლიდაცია სამ ლოკაციაზე სპეციალურად მოწყობილ ბეტონის 3 სამარხში, რომელიც შემოიღობა მავთულხლართებით, რათა ტერიტორია დაცულიყო ადამიანების და შინაური ცხოველებისგან. არსებული მონაცემებით, სამარხებში განთავსდა ჯამში, დაახლოებით, 50 კუბური მეტრის მოცულობის დაბინძურებული მიწა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამარხები არ არის დაზიანებული და მასში განთავსებული დაბინძურებული მიწის ტყვიის კონტეინერში მოთავსების პრაქტიკას არ იცნობს მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რადგან არ არსებობს ისეთი ტიპის ტყვიის კონტეინერი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს რამდენიმე ტონა დაბინძურებული მიწა. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც დაბინძურების დონე არის ძალიან დაბალი", _ წერს გედევანიშვილი გულედანს.

ამავე წერილით ირკვევა, რომ გამოსხივების დოზის სიმძლავრე სამარხის ზედაპირზე შეადგენს 1.5 მკზვ/სთ-ს (ანუ ბეტონის სამარხში მიწის განთავსების შედეგად, გამოსხივების დოზის სიმძლავრე შემცირდა 75 მკზვ/სთ-დან 1.5.მკზვ/სთ-მდე), ხოლო მიმდებარედ კვლავ რჩება დაბინძურებული მცირე წერტილები მაქსიმალური გამოსხივების დოზის სიმძლავრით 12 მკზვ/სთ.

გედევანიშვილის წერილის მიხედვით, 2016 წელს გახორციელებული გაზომვების დროს, ბეტონის სამარხის კედლის მომიჯნავედ, ბარიერის ძირში დაფიქსირდა გამოსხივების დოზის სიმძლავრე 0.65 მკზვ/სთ {რასაც მიუთითებენ ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებიც), რომელიც ნაკლებია სამარხის ზედაპირზე არსებული გამოსხივების ფონზე და წარმოიშვა სამარხში მიწის ჩაყრის დროს.

"სამწუხაროდ, სამივე სამარხის მიმდებარედ, ღობის გარეთ, ფიქსირდება გარკვეული დაბინძურება, რაც, ასევე, გამოწვეულია მიწის ჩაყრის დროს გარკვეული რაოდენობის მიწის სამარხის გარეთ დაყრით. სწორედ აღნიშნულის გამო იქნა ჩვენს მიერ გადაწყვეტილება ღობის გაფართოებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც 2016 წლის სექტემბერში ეცნობა ქალაქ ოზურგეთის მერიას, რის შემდეგაც შესრულდა სამუშაოები", _ აღნიშნულია მინისტრის მოადგილისთვის გაგზავნილ წერილში.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი კახა გულედანს ასევე წერს, რომ წერილში მოყვანილი გამოსხივების დოზის სიმძლავრეები გაზომილია უშუალოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწიდან 1 მეტრ სიმაღლეზე გამოსხივების დოზის სიმძლავრე, პრაქტიკულად, ბუნებრივ ფონს უტოლდება.

გედევანიშვილი წერს, რომ დაბა ანასეულთან არსებული რადიაციული დაბინძურება არ წარმოადგენს საფრთხეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მას შემდეგ, რაც სააგენტო პროექტის გახორციელებას დაასრულებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარადგენენ დეტალურ გეგმას ტერიტორიის სრულად გასუფთავებისთვის საჭირო სამუშაოების შესახებ.

როგორც გავიგეთ, ანალოგიური შინაარსის წერილი სააგენტოს ხელმძღვანელმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავასაც გაუგზავნა, რომელიც აღნიშნული თემით, გულედანის მსგავსად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაინტერესდა.

"გურია ნიუსი"