გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"გალში ქართულენოვან მასწავლებლებს გამოუცხადეს, თუკი რუსულად ვერ ასწავლიდნენ, მეგრულად ესწავლებინათ"

1-02-2018

რამდენიმე წელიწადში ცხინვალსა და გალში ქართულ ენაზე სწავლა სულ აიკრძალება.

ნინომ გალის რაიონი, ოჯახთან ერთად, მხოლოდ იმის გამო დატოვა, რომ მის სამ შვილს განათლების მიღება ქართულად აეკრძალა. გალის ქართველობას მშობლიურ ენას, საკუთარ ქვეყანაში, უცხო ენად ასწავლიან.

მეორე წელია გალში და 2017 წლიდან უკვე ცხინვალშიც ქართულენოვან სკოლებში სწავლა რუსულად დაიწყო.
ნინოს მსგავსად ოკუპირებულ ტერიტორიაზე უამრავი ოჯახია, რომელიც იძულებული ხდება ან რეალობას შეეგუოს და შვილებს რუსულად მიაღებინოს განათლება ან სახლ - კარი დატოვოს და ენგურს აქეთ გადმოვიდნენ.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის

საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მოწოდებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, გალის რაიონში 1990 წელს 58 სკოლა ფუნქციონირებდა, საიდანაც 54 ქართული იყო. ჯერ ეს რაოდენობა 31- მდე შემცირდა. წლების განმავლობაში კი 31 სკოლიდან 20 რუსულ სწავლებაზე გადაიყვანეს.

დარჩენილ 11 ქართულ სკოლაშიც 2015 წელს 1-4 კლასელებისთვის სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო. თუმცა ორი წლის შემდეგ რუსულად სწავლა უკვე მე-6 კლასის ჩაათვლით გახდა სავალდებულო. რაც შეეხება ქართულ ენას, ის ისწავლება როგორც უცხო ენად და მას კვირაში ორი საათი ეთმობა, აქედან 1 - ენას და 1- ლიტერატურას.

გალის სკოლების რუსიფიკაციის შემდეგ, 2017 წელს

იგივე ახალგორშიც განმეორდა. ახალგორის რაიონში სულ 11 სკოლაა, საიდანაც 6 ქართულია. 2017 წელს ქართულმა სკოლებმაც სწავლა 1 – 4 კლასში რუსული ენაზე დაიწყო. ხოლო მე -5-დან მე -11 კლასის ჩათვლით კი სწავლა ჯერჯერობით ქართულად მიმდინარეობს.

ამის გამო ბევრი ბავშვი სასწავლო პროცესს გამოეთიშა და იძულებული გახდა განათლების მისაღებად ნათესავებთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყვნენ.

გამოდის რომ გალის რაიონში სწავლა 2022, ხოლო ცხინვალის რეგიონში 2024 წელს მთლიანად რუსულენოვანი გახდება.


kvirispalitra.ge გალში მცხოვრებ ქართველს ესაუბრა:
"ომის დასრულებიდან მოყოლებული 2015 წლამდე ქართულად სწავლის პროცესი არ შეზღუდულა და ეს იყო მთავარი მოტივი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენას გვიადვილებდა. დაახლოებით 3 წლის წინ ქართულად სწავლის აკრძალვაზე დაიწყეს საუბარი.

პედაგოგებს აიძულებენ გაკვეთილი რუსულად ჩაატარონ, რაც უფრო რთულია, რადგან რუსულენოვანი პედაგოგები არ ჰყავთ. თავიდან როგორც კი ეს პრობლემა შეიქმნა, მასწავლებლებმა ადგილობრივ განათლების სამინისტროს აცნობეს, მაგრამ მიიღეს განმარტება, რომ თუკი რუსულად ვერ ასწავლიდნენ, მეგრულად ესწავლებინათ და არავითარ შემთხვევაში ქართულად. ამ ხნის განმავლობაში ქართულს, ფაქტობრივად, იატაკქვეშეთში ვასწავლიდით შვილებს, წიგნებს ვმალავდით სახლებში, რომ არავის შეემჩნია.

სწორედ ამის გამო საბოლოოდ ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ. სამი შვილის მყავს - პატარები მესამე და მეოთხე კლასში სწავლობენ, უფროსი მე-7-შია..." - გვიყვება ნინო.

მისი თქმით, აღნიშნულ სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა განახევრებულია - ვისაც საშუალება ჰქონდა, ბავშვები მოსაზღვრე სოფლებში გადაიყვანეს, ხოლო ზოგიერთი ოჯახი კი, ფაქტობრივად, გაიყო, რადგან მამაკაცები რჩებიან და დედები, პატარებთან ერთად, ტოვებენ სახლს.

"ვინც დარჩა, ფაქტობრივად, ვერაფერს სწავლობს - ვერც რუსულად და თავისთავად, ქართული ისედაც აკრძალულია. ვინც აქეთ გადმოდის, უმეტესად მე-6 კლასამდე ასაკის ბავშვების მშობლები არიან", - ამბობს კიდევ ერთი გალის მაცხოვრებელი.

kvirispalitra.ge დაინტერესდა, ასწვლიან თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, გალში ისეთი საგნების შესწავლა, როგორიცაა ბიოლოგია, ალგებრა, გეომეტრია, ფიზიკა გარკვეულ კლასებში ჯერ კიდევ ისწავლება ქართულად, მაგრამ მათ შორის არ არის საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, რომელთა შესწავლაც რუსული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს.
"გალის რაიონში საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწვლება კატეგორიულად აკრძალულია. თუმცა, მასწავლებლები ჩუმად ასწავლიან და აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებენ. გალის რაიონის სკოლებში რუსული სახელმძღვანელოებით ისწავლება აფხაზეთის ისტორია და რუსეთის ისტორია...

ახალგორის რაიონში საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება, ისევე როგორც დანარჩენი საგნების, ქართულ ენაზე, ქართული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიასთან ერთად, მე-10 კლასიდან ასევე ისწავლება ლუდვიგ ჩიბიროვის წიგნი"ოსეთის ისტორია", რომელიც ქართულადაა ნათარგმნი. ამჟამად ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისტორიის წიგნზე ზაროვისა და ბლიევის ავტორობით, თუმცა ჯერ რუსულად არ გამოცემულა და შესაბამისად, არც სასწავლო პროგრამაშია ჩაშვებული", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, სწავლების პროცესის რუსულ ენაზე გადაყვანა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა გალში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული მიდგომაა.

გაეროს ბავშვთა კონვენციაშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება, რომელიც განმარტავს, რომ: "ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვში თავისი მშობლებისადმი, თავისი კულტურული თვითმყოფადობის, ენისა და ფასეულობებისადმი პატივისცემის დანერგვისაკენ".

"ჩვენი ხელისუფლება, ამ რთულ ვითარებაში აკეთებს ყველაფერს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება მიეცეთ.
ეს საკითხი, მისი სასიცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა შესაბამის ფორმატში განიხილება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ჩვენ ვმუშაობთ უცხოელ პარტნიორებთან, ვაწვდით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორებზე მიმდინარე პროცესების შესახებ. განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა სხვა პრობლემებთან ერთად ერთ-ერთი მწვავე საკითხია
", - ამბობენ სამინისტროში.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ პრობლემაზე საუბრობს, გალსა და ახალგორში ქართველი ბავშვები სწავლას რუსულად განაგრძობენ. შეზღუდვების მასშტაბებიც იზრდება და ზუსტად 5 წლის შემდეგ გალში ქართული მხოლოდ უცხო ენად დარჩება.

"კვირის პალიტრა"