19-02-2020
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი”, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული (2 კაფსულა) და ნარკოტიკული (126 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტებზე.