22-02-2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მომხდარ ინცინდენტს, სადაც პროფკავშირის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის – ნათია ლომაძისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას. ამასთან დაკავშირებით, ალტერნატიული პროფკავშირი, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ჟურნალისტიმ მიმართ განხორციელებული ზეწოლის გარდა, ნათქვამია, რომ ისინი ვერ ხედავენ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრის აზრს და შესაბასიდ, დაანონსებული მოლაპარაკებები, არ შედგება მანამ, ვიდრე მრჩეველთა საბჭო არ დაამტკიცებს, რომ ის დგას ჟურნალისტების და მაუწყებლის ინტერესების მხარეს.
„დირექტორობის პირველ კანდიდატთან მიმდინარე გასაუბრების დროს ჟურნალისტმა ნათია ლომაძემ დაინახა (მისი აზრით) საინტერესო დეტალი, გადაიღო ფოტო და კონკურსის ირგვლივ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია მიაწოდა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს.
საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა. ნათია ლომაძე დაადანაშაულეს, რომ ის ფარულად იღებდა მიმდინარე გასაუბრების პროცესს, რის საფუძველზეც მომდევნო კონკურსანტთან გასაუბრება დახურეს.
გვინდა განვმარტოთ, რომ მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე ღია სხდომაზე ფოტოს გადაღებას არ კრძალავს საქართველოში მოქმედი არცერთი კანონი. მით უფრო მაშინ, როცა ამ ფოტოში არ ჩანდა რომელიმე კონკურსანტის შესახებ რაიმე პერსონალური ინფორმაცია. ფოტოს ჰქონდა მტკიცებულებითი დატვირთვა და ადასტურებდა იმას, რომ დირექტორობის მოადგილეობის კანდიდატებს აჩვენეს კონკრეტული სიუჟეტი და მისი შინაარსის შეფასება შესთავაზეს.
ეს ფაქტი ეწინააღმდეგებოდა მაუწყებლის ხელმძღვანელების მიერ აქამდე არაერთგზის გაჟღერებულ პოზიციას, რომ დირექტორის მოადგილეს არაფერი ესაქმებოდა კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსთან. სწორედ, აღნიშნულის გამო ჩათვალა ჟურნალისტმა, რომ გადაეღო ფოტო და გამოეტანა საჯაროდ. ჟურნალისტს არა თუ არ დაურღვევია პროფესიული ეთიკის ან კანონის რომელიმე ნორმა, არამედ – ის, ვალდებული იყო მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, გადაეღო ფოტო და გაესაჯაროებინა ის.
ამ ფაქტის გამო, ტექნიკური მიმართულებით დირექტორის მოადგილის მხრიდან, რომელიც ამასთანავე საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეც იყო, ჟურნალისტთან დაპირისპირებაში შესვლა, მისთვის ფოტოს გადაღებაზე ახსნა განმარტების მოთხოვნა – წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას. მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან კონკრეტულ ქმედებაზე პრეტენზიის ამ ფორმით გამოხატვა (ვგულისხმობთ, სატელეფონო საუბარს დირექტორის მოადგილესა და ჟურნალისტს შორის) შეიძლება იქონიოს მსუსხავი ეფექტი და გავლენა მოახდინოს ჟურნალისტის მიერ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე.
დღის ბოლომდე, ნათია ლომაძე კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა, კვლავ დაადანაშაულეს ფოტოს გადაღების გამო წესების დარღვევაში, რის შემდეგაც მან ვერ დაასრულა აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობა და ვერ შეძლო პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულება. ალტერნატიულ პროფესიულ კავშირს მიუღებლად მიგვაჩნია ჟურნალისტთან კონკრეტული ჟურნალისტური/პროფესიული ქმედების თაობაზე კომუნიკაცია და პრეტენზიების გამოხატვა მაუწყებლის იმ ხელმძღვანელი პირების მხრიდან ვისაც მაუწყებლის დებულებით არანაირი შემხებლობა არ აქვთ ჟურნალისტური პროდუქტის შინაარსთან. ჩვენ, აღნიშნულ ფაქტს აღვიქვამთ და ვაფასებთ ზეწოლად.
როგორც იცით, ალტერნატიული პროფესიული კავშირი აპირებდა მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრას და მიმდინარე საკითხებზე დისკუსიას. მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების სივრცეს მანამ, სანამ მრჩეველთა საბჭო არ დაამტკიცებს, რომ ის დგას ჟურნალისტების და მაუწყებლის ინტერესების მხარეს და უარს ვამბობთ დაგეგმილ საჯარო შეხვედრაზე (მრჩეველთა საბჭოს მხრიდან დღეს მომხდარ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენამდე)“-ნათქვამია ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებაში.