23-02-2020
99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წითელმა არმიამ შეძლო საქართველოს საბოლოო ოკუპირება, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არც ერთი წამით არ გაჩერებულა.
„როდესაც ახალგაზრდა იუნკერების ხსოვნაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ამის შემდგომ ყველა წელს, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც შეეწირა იმ ბრძოლას, იუნკერებმა რომ ჩაუყარეს საფუძველი. ასეთი ძალიან ბევრი იყო. 1991 წელს აღვადგინეთ ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წელს დაიწყო და ეს არიან ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს, ხიდი აგვეშენებინა იმ სასურველ, სანუკვარ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსთან, რომელიც 1918 წელს დაიწყო და რომელიც, სამწუხაროდ, ამდენი შეწირული სიცოცხლის მიუხედავად, ძალზე ხანმოკლე იყო. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩვენ დღეს გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მეტი უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ეს არის ის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა წინ მედგრად უნდა აღუდგეს. ჩვენი დამოუკიდებლობა დაიწყო 1918 წელს, რომელიც, მიუხედავად ბევრი შეწირული ახალგაზრდა სიცოცხლისა, შეწყდა 1921 წელს და შემდგომ გაგრძელდა. ეს ის თაობათა შორის კავშირია, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ მათი ხსოვნის წინაშე და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რას შესწირეს სიცოცხლე ამ ახალგაზრდებმა და როგორი უნდა იყოს მათდამი პატივისცემა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და ტავდაცვის მინისტრთან ერთად, ასევე დაესწრო დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა.