5-02-2018
რუსთავის მერი ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
შეხვედრას მერის მოადგილეები დავით კეკელიძე, გოჩა ლორია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გრიგოლ ვეფხვაძე, გიორგი ტუხაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე ირაკლი ტაბაღუამ დეტალურად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე წელს, ქალაქის მასშტაბით იგეგმება და ბიზნესმენების მოსაზრებებიც მოისმინა.
როგორც რუსთავის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მკაცრად გაკონტროლდება სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მიერ სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების პროცესი, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მიმართ მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.
2018 წელს, რუსთავში, ცენტრალური ბიუჯეტიდან 10 მილიონამდე ღირებულების (მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა - 1 მლნ 284 684 ათასი ლარი) ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სამუშაოები უმეტესად ქალაქის სხვადასხვა უბანში გზის საფარის აღდგენა/რეაბილატაციას ითვალისწინებს.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით კი, რუსთავში 3 მლნ330 670 ათასი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ავარიული სახლების გამაგრების, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის, გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციის, სპორტული მოედნებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეების მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
მიმდინარე წელს, რუსთავში, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, 13 მლნ 212 848 ათასი ლარი დაიხარჯება.