6-02-2018
7 თებერვალს, 11:30 საათზე გორის დემოკრატიის სკოლაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა (FIDH) და საქართველოში მისი წევრი ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRIDC) წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს.
შეხვედრა 2008 წლის მსხვერპლთა თემას: ,,რუსეთ-საქართველოს ომი: დავიწყებული მსხვერპლები 10 წლის შემდეგ, ცხოვრება ზღვარზე: დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში" მიეძღვნება.
,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციის" (FIDH) წარმომადგენლები დამსწრეებს ამავე სახელოწდების ანგარიშს გააცნობენ.
თბილისში საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) საველე ოფისის გახსნიდან ერთი თვის შემდეგ, FIDH- მა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის HRIDC-ის წევრებმა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მსხვერპლთა შესახებ, ანგარიში გამოაქვეყნეს.
ეს ანგარიში 2008 წლის ზაფხულში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების შემდგომი ზემოქმედების ზეგავლენას განიხილავს.
,,მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის წინ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ ყოფილა მათი ბრალი, ამ ომში გადარჩენილები ყოველდღიურად კვლავაც იტანჯებიან გატაცების, დაკავების და გამოძალვის შედეგად, ვერ გადაადგილებიან სადემარკაციო ხაზის გამო, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელისუფლება დღეს უარს ამბობს ICC- თან ეფექტურად ითანამშრომლოს, 2008 წლის დაზარალებულები საშიშ პირობებში ცხოვრობენ, არადამაკმაყოფილებელ გარემოში, ხოლო დანაშაული კვლავაც დაუსჯელია" - აღნიშნულია ანგარიშის შესავალ ნაწილში, რომელიც გუშინ, 5 თებერვალს გამოქვეყნდა.
შეხვედრას დაესწრებიან: დიმიტრის ქრისტოპულოსი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) პრეზიდენტი, საფრანგეთი; დელფინ კარლენსი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) საერთაშორისო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, საფრანგეთი; იულია უანონ - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), ევრაზიის რეგიონის განყოფილების წარმომადგენელი; ნინო ტლაშაძე - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.