11-03-2020
ხონის მუნიციპალიტეტში, დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანძარია. ცეცხლი ბუჩქნარზეა გავრცელებული, რომლის ჩაქრობას ქარი უშლის ხელს. ადგილზე 13 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
მათივე ინფორმაციით, დაკვამლიანება ათეულობით ჰექტარზე შეინიშნება, მაგრამ ზუსტად რა ფართობი დააზიანა ცეცხლმა, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია. ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის მაქსიმალურად ლოკალიზებულია.
ადგილზე ხონის მუნიციპალიტეტის მერთან, ლადო ჯურხაძესთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე იმყოფება, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევს მონიტორინგს.