7-02-2018
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის იმ ქუჩების და სოფლების სიას აქვეყნებს, რომლებიც დღემდე საბჭოთა კომუნისტურ სახელებს ატარებენ: "ლავრენტი ბერიას ქუჩა - ბერია 1920-იან წლებში იყო საქართველოს სსრ-ს და ამიერკავკასიის სფსრ-ს უშიშროების აპარატის მაღალჩინოსანი და ხელმძღვანელი, 1930-იან წლებში საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი, 1938 წლიდან საკავშირო შსს მინისტრი. ხელმძღვანელობდა მასობრივ ტერორს საქართველოში.
ივანე ვნუკოვის ქუჩა - ვნუკოვი იყო საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი, 1920-იან წლებში მონაწილეობდა შუა აზიაში ანტი-საბჭოთა მოძრაობის ჩახშობაში, 1939 წელს იბრძოდა ფინეთში. გარდაიცვალა ზუგდიდში 1988 წელს და ზუგდიდშივეადაკრძალული, სავარაუდოდ ამიტომაც ატარებს მის სახელს ერთ-ერთი ქუჩა.
ნიკოლოზ ოსტროვსკის ქუჩა - ოსტროვსკი იყო საბჭოთა მწერალი, წიგნის “როგორ იწრთობოდა ფოლადი” ავტორი, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მხარდამჭერი და იდეოლოგი.
ვასილ კიკვიძის ქუჩა - კიკვიძე იყო საბჭოთა სამხედრო, ახალგაზრდობაში სოციალისტ-რევოლოციონერთა (ესერთა) ტერორისტული რაზმის წევრი, რუსეთში, ე.წ. წითელარამირელებსა და თეთრგვარდიელებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომში გამოირჩეოდა სისატიკით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
ზუგდიდში ასევე არის ოთხი ქუჩა, რომლებიც ატარებენ რუსეთის ქალაქების სახელებს, კერძოდ: სანკტ-პეტერბურგის (ყოფილი ლენინის) ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, კრასნოდარის ქუჩა და ვოლგოგრადის ქუჩა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ქუჩას აღნიშნული სახელი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მიენიჭა.
სოფელი კიროვი - აღნიშნული სოფელი ატარებს საბჭოთა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნის სერგეი კიროვის სახელს, კიროვი იყო ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მონაწილეობდა 1920 წელს აზერბაიჯანის, შემდგომ საქართველოს ოკუპაციაში: სოფლის ძველი, ისტორიული სახელწოდება კი არის “მერე”.
სოფელი ოქტომბერი - სოფელს აღნიშნული სახელი 1917 წლის ე.წ. ოქტომბრის რევულუციის/გადატრიალებასთან დაკავშირებით დაერქვა, მისი ძველი, ისტორიული სახელწოდება კი არის “ცაიშიშ კახათი”.
საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო კანონი „თავისუფლების ქარტია”, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქუჩების, მოედნების, სოფლების, დაბების კომუნისტური სახელწოდებების აღმოფხვრას ისახავს.
TI-ის განმარტებით, მთავრობის 2011 წლის დადგენილებას “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველ ერთეულები ვალდებულებას უწესებს გეოგრაფიული ობიექტების საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელები შეცვალონ.
“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ზუგდიდის საკრებულოს, უახლოეს ხანებში მიიღოს გადაწყვეტილება და შეცვალოს სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებები.
რადიო: "ათინათი"