14-03-2020
რუსთავში მოხალისეთა ჯგუფები იქმნება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სულ მოხალისეთა ორი ჯგუფი შეიქმნება.
საჭიროების შემთხვევაში ეს ჯგუფები ადამიანებს დაეხმარებიან, მათ საკვებსა და მედიკამენტებს მიაწვდიან.
ერთ ჯგუფში რიგითი მოქალაქეები იქნებიან. მათი ონლაინ რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
მეორე ჯგუფი კი მერიის თანამშრომლებით დაკომპლექტდება. ამ ინიციატივით, რუსთავის მერი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.
პირველი ოცკაციანი ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა და საჭირო კონსულტაციებს უკვე გადის, აღჭურვილი იქნება სპეციალური ეკიპირებითა და ტრანსპორტით, რისთვისაც თანხა, რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდანაა გამოყოფილი.
აღნიშნული ჯგუფი მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში, საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება.
რაც შეეხება მეორე ჯგუფს, უკვე დაწყებულია ონლაინ რეგისტრაცია და მასში გაწევრიანება ყველა მსურველს შეეძლება.
„პირველი ჯგუფი, რომელიც შედარებით რთული დავალებების შესასრულბლად შევქმენით, უკვე დაკომპლექტებულია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან. ამ შემთხვევაში, მოხალისეს უნდა დაეკმაყოფილებინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შევიმუშავეთ. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ის იქმნება „სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის“ ინიციატივით. უკვე შექმნილია ონლაინ პლატფორმა სახელწოდებით- covid stopper და დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რუსთავი დაყოფილია 10 ტერიტორიულ ერთეულად და ეს ჯგუფიც სწორედ ამ პრინციპით დაიყოფა. მოხალისეები, ამ შემთხვევაში დაეხმარებიან ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც მაგალითისთვის სარგებლობენ უფასო სასადილოებითა და შექმნილი სიტუაციის გამო, ვერ ახერხებენ სასადილოებში მისვლას. მოხალისეები მათ საკვებს და საჭირო მედიკამენტებს მიუტანენ სახლში“,- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
მოხალისეთა ჯგუფში რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმის ნახვა ნებისმიერ მსურველს რუსთავის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე შეუძლია.