8-02-2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის, მოწონებული იქნა სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიული განვითარების 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმა. ჯამში, მხარის მასშტაბით ოთხი წლის განმავლობაში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მთის ფონდის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით 323 212 590 ლარის ღირებულების 1382 პროექტის განხორციელება იგეგმება - ინფრასტრუქტურის, სოციალური, ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, დეტალურად განიხილეს მიმდინარე 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს სამცხე-ჯავახეთში 19 033 533 ლარის ღირებულების 38 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ამასთანავე, მხარის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც, მათ შორის, სანიაღვრე კოლექტორისა და საყრდენი კედლების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების, დეკორატიული კედლებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, სოფლად გარე განათების სისტემების, საბავშვო ბაღების, ადმინისტრაციული შენობებისა და ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, სხდომის ფარგლებში რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა ის პროგრამები და გეგმები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც იგეგმება საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე არაქართულენოვან მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო ენის სრულფასოვნად სწავლების მიზნით.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, მხარის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. დებულების თანახმად, საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა გასული წლის 29 დეკემბერს გაიმართა.