გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ყველაზე ზუსტი დრო იქნა შერჩეული

21-03-2020

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნამდვილად იყო აუცილებელი იმისთვის, რომ პრევენცია სათანადო სახით განხორციელდეს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.



დეპუტატი პრემიერ-მინისტრის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე იქნა მიღებული. მისივე თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას დღესვე, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.



ირაკლი კობახიძემ განმარტა საგანგებო მდგომარეობის შინაარსიც და აღნიშნა, რომ დადგენილებაში ზედმიწევნით არის დაკონკრეტებული შესაბამისი ზომები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გატარდება.



"აქ არის იმგვარი შეზღუდვები დაწესებული, რომელიც არის აუცილებელი შესაბამისი პრობლემის დაძლევისთვის - კორონავირუსთან ბრძოლისთვის, შესაბამისად, შინაარსი არის აბსოლუტურად მისაღები, გამართული და თვითონ, როგორც უკვე აღვნიშნე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის დროული. ყველაზე ზუსტი დრო იქნა ამისთვის შერჩეული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



შეკითხვაზე - რა გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი, პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეპიდემია და ეპიდემიის უშუალო საფრთხე პირდაპირი საფუძველია ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.



"მიზანი არის ეპიდემიის გავრცელების პრევენცია და ის თითოეული ზომა, რომელზეც ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, არის განკუთვნილი იმისთვის, რომ ეს პრევენციული ზომები მაქსიმალურად ეფექტურად და ეფექტიანად იყოს მიღებული, დაწყებული იზოლაციის და კარანტინის წესებით, რომელიც უნდა დადგინდეს, გაგრძელებული სამგზავრო გადაყვანებით და ასე შემდეგ. ანუ, დაახლოებით, არის ათი ზომა დადგენილების პროექტში ჩამოთვლილი და თითოეული ზომა არის აბსოლუტურად რაციონალურად შემუშავებული და თითოეული მათგანი ემსახურება ერთ მიზანს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა, თუ არა, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა იყოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ერთ-ერთი ფაქტორი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დეკრეტი და საგანგებო მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი დარღვევების მიმართ უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული. "ეს სანქციებიც არის პრევენციის დამატებითი ეფექტიანი მექანიზმი, ანუ საგანგებო მდგომარეობა და კონკრეტულად, ასევე, დეკრეტი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი ზომები მივიღოთ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. შესაბამისად, დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნამდვილად იყო აუცილებელი იმისთვის, რომ პრევენცია სათანადო სახით განხორციელდეს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​