23-03-2020
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს 18 წლის გოგო, რომელსაც მარნეულში დაინფიცირებულ ქალთან ჰქონდა კავშირი. მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა, პასუხი კი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
„62 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ერთადერთი, რისი იმედიც გვაქვს, რომ წნევას მინიმალური დახმარებით იჭერს. აქვს ორმხრივი რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რაც პნევმონიაზე უარესია. ასევე აქვს ტემპერატურა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მაღალი ტემპერატურით შემოიყვანეს 18 წლის გოგო, რომელიც მარნეულის საავადმყოფოში მუშაობდა და კონტაქტი ჰქონდა ამ ქალთან“, - აცხადებს ლალი ტურძელაძე.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.