9-02-2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პასკალ მენიეს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელების დახურვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების საკითხზე. ასევე აზიური ფაროსანას მიერ გალის რაიონის მოსახლეობისათვის მიყენებულ ზიანზე. განიხილეს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და იძულებითი პასპორტიზაციით გამოწვეულ პრობლემებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კვალიფიციური და ხარისხიანი განათლების მიღების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვის მნიშვნელოვან როლს ქართველებისა და აფხაზების დაახლოების პროცესში.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.