12-02-2018
თრილერი აფხაზეთში – თურქული სეინერის კაპიტანი საიდუმლო ვითარებაში გაიტაცეს.
თურქეთის მოქალაქე, სეინერის კაპიტანი, 49 წლის სელიმ კაია პარასკევს ოჩამჩირეშში, კაფეში იჯდა. დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე მან წასვლა გადაწყვიტა და ერთ-ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს (მის ვინაობას მილიცია არ ასახელებს) პორტამდე მიყვანა სთხოვა – ისინი ერთად ჩასხდნენ BMW-ს მარკის ავტომობილში და ადგილიდან დაიძრნენ.
მაგრამ ზუსტად ათი მეტრის გავლის შემდეგ ისინი ორმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა გააჩერა. იარაღის მუქარით მათ მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა აიძულეს, თავად კი მანქანაში ჩასხდნენ და კაპიტანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მილიცია გამტაცებლებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. 10 თებერვალს, დილით, სოფელ ბესლახუბას მახლობლად გამავალ გზაზე BMW-ს მარკის ავტომობილი აღმოაჩინეს. მანქანის წინა საქარე მინას იარაღიდან ნასროლის კვალი აღენიშნებდა, სალონში კი მაკაროვის პისტოლეტი და ერთი ვაზნა იპოვეს. სისხლის კვალი მანქანაში არ აღმოჩნდა.
გამომძიებლებისგან მიღებული ერთდაერთი ინფორმაცია არის ის, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მომხდართან დაკავშირებით აფხაზეთში ბევრს ახსენდება მსგავსი ამბავი, რომელიც იქვე, დაახლოებით ნახევარი წლის წინ მოხდა.
2016 წლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონში 1957 წელს დაბადებული რუსი მეწარმე, ვაჩაგან პეტროსიანი გაიტაცეს.
მილიციის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, იმ მანქანას, რომელშიც პეტროსიანი და მისი კომპანიონი ისხდნენ, წამოეწია მილიციის ავტომობილი, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყალბი იყო. მასში მსხდომ ადამიანებს საგზაო მილიციის ფორმები ეცვათ – ეს ყველაფერი იმიტაცია აღმოჩნდა.
მათ პეტროსიანს გაჩერება აიძულეს, მის თანამგზავრთან ერთად თავიანთ მანქანაში გადასვეს და წაიყვანეს სოფელ ცაგერაში, სადაც 1990-იანი წლების აფხაზეთის ომის შემდეგ პრაქტიკულად აღარავინ ცხოვრობს. მეორე მგზავრი – რომელიც ოჩამჩირის ასფალტის ქარხნის დირექტორი აღმოჩნდა, იქვე დატოვეს, პეტროსიანი კი გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.
გატაცებული პირის მანქანა კი, რომლითაც ის წაიყვანეს, დაწვეს.
ვაჩაგან პეტროსიანს აქამდე ეძებენ.