30-03-2020
საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერმა უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი რეგულაციების შესახებ კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.
„რისკი ყოველდღიურად იმატებს. ამიტომ, ხვალიდან უკვე ამოქმედდება გამკაცრებული წესები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს სრულ კარანტინს ქვეყანაში. ასევე, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც განთავსდება შესაბამისი საკონტროლო პუნქტები, სადაც მოქალაქეები გაივლიან თერმო-სკრინინგს. ეს პირველ რიგში კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან აჭარა, ამ შემთხვევაში ბათუმი არის საზღვრისპირა ლოკაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება იქნას გატარებული ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
ასევე, აჭარაში და ყველა რეგიონში მუშაობს საველე ოპერაციების შტაბი. ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში ხდება ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. შტაბს აჭარის შემთხვევაში - მე ვუხელმძღვანელებ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.