გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხალხის სიყვარული

13-02-2018

ქალბატონი სესილია თაყაიშვილი ხალხს ძალიან უყვარდა. ტაქსის მძღოლები ფულს არ ახდევინებდნენ, ბაზარშიც კი ვეღარ შედიოდა, რადგან ხალხი ერთმანეთს ასწრებდა, ვინ რას ჩაუწყობდა ჩანთაში.

ერთხელ, თურმე, ქუჩაში ვიღაც მოხუცმა კაცმა გააჩერა და სესილიამ გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, რომ მოხვია მკლავები და მაგრად ჩაიკრა გულში.

„მერე თვალცრემლიანმა ამიხსნა: თურმე, ცოლი ჰყოლია გარდაცვლილი და „ბებრების“ (სადაც სესილია და სანდრო ჟორჟოლიანი თამაშობენ) ნახვას ისე უმოქმედია, როცა დამინახა, თავი ვერ შეიკავა-ათას მადლობას მიხდიდა, ასე კარგად განსახიერებული და ამაღლებული როლისთვის. ისე კი, მართალი გითხრათ, ცოტა დამაეჭვა, მაშინ უფრო ახალგაზრდა და უკეთესი შესახედავი ვიყავი და ხომ არ წაიეშმაკა იმ დალოცვილმა-მეთქი“, - ჩვეული იუმორით იხსენებდა ამ ეპიზოდს ქალბატონი სესილია.

ყველაფერში, რასაც აკეთებდა, დიდ მონდომებასა და თავდადებას აქსოვდა. სიყალბე მისთვის უცხო გახლდათ. თავიდან ნებისმიერ როლზე უარს აცხადებდა. რეჟისორები მიჩვეულნი იყვნენ ამას, ამიტომ სცენარს მაინც უტოვებდნენ, იქნებ წაგეკითხათ, დეიდა სესილიაო. ისიც ღამღამობით თავის ოთახში ჩუმად იწყებდა ფიქრსა და მუშაობას. დილით. ოთახიდან რომ გამოდიოდა, თუ მოსწონდა როლი, უკვე მასში იყო შესული.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩაცმულობას, რომელიც მომავალი გმირის ხასიათის შესატყვისი უნდა ყოფილიყო. ამისთვის არ ეზარებოდა ზოგჯერ ძალზე რთულად მოსარგები სამოსელის მრავალგზის ჩაცმა. ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სესილიასთან ერთად ემზადებოდა საგრიმიოროში სცენაზე გასასვლელად, ამბობდა, რომ ვერაფრით ხსნიდა იმ საიდუმლოს, რომელსაც სესილია ფლობდა:

„საათობით ვიმტვრევდი თავს და ძლივს ვაღწევდი ხოლმე რაღაცას. სესილია კი მოვიდოდა, გამოსწევდა თავისი მაგიდის უჯრას და სხვისთვის წარმოუდგენელი საშუალებებით, დაწყებული ყვავილის გამხმარი ფურცლით, და ჩვეულებრივი მურით დამთავრებული, ერთ წუთში, ხელის ერთი მოსმით იცვლიდა სახეს,“ - გაკვირვებას ვერ მალავდა დიდი ვერიკო.

"გურია ნიუსი"