გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თურქები და რუსები ოკუპირებულ აფხაზეთში ქაფშიას ვერ იყოფენ

13-02-2018

მესამე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქეს სელიმ კაიას ეძებენ. იგი 9 თებერვალს ორმა ნიღბიანმა გაიტაცა. კაია ერთ-ერთი თურქული თევზსაჭერი სეინერის კაპიტანია, რომელიც ამჟამად, ქაფშიას სეზონზე, ოჩამჩირის აკვატორიაში უკანონო თეზჭერას ეწევა.

48 წლის კაია მაშინ გაიტაცეს, როცა ადგილობრივ მკვიდრს, ოჩამჩირის ერთ-ერთ კაფედან ნავსადგურში ავტომობილით მიჰყავდა. ავტომატებით შეიარაღებულმა ორმა ნიღბიანმა მძღოლი პორტთან ახლოს ჩამოაგდეს, BMW-ს მარკის ავტომობილი თურქეთის მოქალაქესთან ერთად კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მეორე დილით მიტოვებული მანქანა, რომელსაც საქარე მინა დახვრეტილი ჰქონდა, სოფელ ბესლახუბასთან ახლოს იპოვეს.

თურქული წყაროების ცნობით, გამტაცებლები უკვე დაუკავშირდნენ სელიმ კაიას ოჯახს ტრაბზონში და გამოსასყიდის სახით 100 000 აშშ დოლარი მოითხოვეს. ოკუპირებულ ანკლავში თურქეთის მოქალაქის გატაცებას ცალსახად ქაფშიას სეზონს და ამ უკანონო ბიზნესში ჩართულ ინტერნაციონალურ დაჯგუფებებს შორის მიმდინარე კრიმინალურ ომს უკავშირებენ.

2017-18 წლების ქაფშიას სეზონზე (ოქტომბერი-აპრილი), სეპარატისტულ ანკლავში ქაფშიას "მოპოვების ქვოტა" 40 ათასი ტონიდან 20 ათასს ტონამდე შეამცირეს, ხოლო თევზმჭერი კომპანიების რიცხვი რუსული კომპანიების დამატების ხარჯზე გაზარდეს. ამან აფხაზურ-თურქული თევზმჭერი კომპანიების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს ჯგუფები ოკუპირებულ აფხაზეთში თევზის გადამამუშავებენ ქარხნებს ფლობენ და წლებია თურქეთის მიმართულებით უკანონო ექსპორტზე მუშაობენ.

თურქული თევზსაჭერი სეინერის კაპიტნის გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე, აფხაზურ-თურქული ერთობლივი საწარმო „აბსიძბად-ბექის“ დირექტორი ბათალ ავიძბა ამბობდა, რომ აუცილებელი იყო "აფხაზეთის აკვატორიაში" თევზსაჭერი სეინერების რიცხვის შემცირება, რადგან ისინი "ერთმანეთს უშლიან ხელს, ქაფშიას აფრთხობენ და ბიზნესს კლავენ":

„თევზმჭერი გემების დიდი რაოდენობა ქმნის ისეთ სიტუაციას, რომ თევზი აფხაზეთში აღარ შემოდის. აუცილებელია სეინერების რაოდენობის შეზღუდვა, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ 160 კილომეტრი გვაქვს, სადაც თევზჭერა შეიძლება. გემების რაოდენობა რუსულ-აფხაზურმა სახელმწიფო კომისიამ გამსაზღვრა. იქ წერია, რომ რუსებთან ერთობლივ თევზჭერას 20 გემი ახორციელებს, 14 აფხაზური, ხოლო 6 გემი რუსეთის მხრიდან“.

ოკუპირებულ ოჩამჩირის, გალის და სოხუმის რაიონებში დღეისათვის, თურქული ინვესტიციით აშენებული ექვსი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს. ყველაზე დიდი, მათ შორის, მსხვილი თურქული კომპანია Kobyalar Group-ში შემავალი Koptur Balikcilik-ის საწარმო „ხამსაა“, რომელიც ოჩამჩირის ნავსადგურში 2007 წელს გაიხსნა.

სოფელ აძუბჟაში საექსპორტო თევზის ფქვილსა და ქონს 2011 წლიდან „აბსიძბად-ბექის“ ქარხანა ამუშავებს, აქ თურქებმა 5 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელეს და შავ ზღვაში საკუთარი 85 მეტრიანი გემმისადგომიც ააშენეს.

„აბხაზმორპრომის“ თევზის ქარხანა სოფელ მერკულაში მდებარეობს და აფხაზეთში თურქული ბიზნესის ლობისტს, თურქეთის ქალაქ საქარიაში დაბადებულ მუჰაჯირების შთამომავალ სონერ გოგუას ეკუთვნის. ქარხანაში თურქეთის 13 მოქალაქე მუდმივად მუშაობს.

გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში 2016 წელს ერთი მილიონი დოლარის თურქული ინვესტიციით „სოხრიბხოზის“ ახალი ქარხანა გაიხსნა. მათ გარდა, უკანონო თევზჭერისა და გადამუშავების პროცესში ასევე ჩართულნი არიან: „სოხრიბკომბინატი“, „აფხაზინტერი“, რუსული კომპანიები - „აკვატორია 2015“ და „ტრანსერვისი“.

ქაფშიას სეზონზე ოკუპირებულ აფხაზეთში თევზჭერა მთლიანად, 20-მდე დაფრახტული თურქული სეინერით ხდება, მხოლოდ რუსული „ტრანსერვისი“ იყენებს ოკუპირებული ყირიმიდან შემოყვანილ ორ თევზმჭერ გემს.

ანკლავში თევზჭერის პროცესზე პასუხისმგებელი, „ჩინოვნიკი“ დავიდ გადლია, რომელიც პარალელურად, ამ სფეროში, პირველი თურქულ-აფხაზური საწარმო „ამლაგურის“ მეპატრონეც არის ამბობს, რომ წელს, დაძაბულობა აფხაზეთში თევზის ახალი ექსპორტიორების გაჩენამ და დამატებითი სეინერების შემოყვანამ გამოიწვია:

„თევზჭერის კვოტის 15% რუსულ კომპანიებს დარჩათ, ეს იმ ფონზე, რომ ახალი მთლიანი კვოტა - 20 ათასი ტონა აფხაზეთისთვისაც ძალიან ცოტაა. ძალიან ბევრია თევზის ექსპორტზე გატანის მსურველი, წელს, დამატებით ორ ფირმას მისცეს თევზჭერისა და ექსპორტზე გატანის უფლება, სეინერების რაოდენობა რვა ერთეულით გაიზარდა. თევზისგადამამუშავებელი ქარხნების მფლობელები ახალი ექსპორტიორების გაჩენით ძალიან უკმაყოფილები არიან, ადრე ეს ქვოტა მხოლოდ ქარხნებს შორის ნაწილდებოდა“.

კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის ოქტომბერში მიიღო, აფხაზეთში როგორც „ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა“, ისე „საზღვაო მიმოსვლა“ აკრძალულია, თუმცა როგორც რუსეთისთვის, ისე, სამწუხაროდ, თურქეთისთვისაც ეს კანონი ფარატინა ქაღალდია.

1999-2009 წლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის ძალები, აფხაზეთის ოკუპირებულ საზღვაო მონაკვეთზე, უკანონოდ მცურავი თურქეთის თევზმჭერი და სავაჭრო გემების დაპატიმრებას მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდნენ, თუმცა როგორც მოსკოვის, ისე ანკარას ძლიერი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ, თბილისი იძულებული გახდა ვითარებას შეგუებოდა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი უცხო გემი, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ წლებში და ნავსადგურებში შემოდის, ვალდებულია აღჭურვილი იყოს და ჩართული ჰქონდეს ავტომატური სადენტიფიკაციო სისტემა (AIS), რაც სატელიტის მეშვეობით მისი ადგილმდებარეობისა და მარშრუტის დადგენის საშუალებას იძლევა.

ოკუპირებულ აფხაზეთისკენ მიმავალი თურქული გემის კაპიტნები AIS-ის სისტემას სპეციალურად თიშავენ, რომ მათი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელი იყოს. დღეს ოჩამჩირის ნავსადგურში უკანონოდ მდგომი თურქული სეინერები: Emanet Kardesleri, Ali-Ogullari, Sahin Balikcilik, Trabzon Urunleri-2 და სხვები (20-ზე მეტი გემი) Marinetraffic-ის ონლაინ რუქის მიხედვით, "თურქეთის ტერიტორიულ წლებში იმყოფებიან", რაც იმას ნიშნავს, რომ მათ AIS-ის სისტემა შეგნებულად გათიშეს.

თურქულ თევზმჭერ სეინერებს ტრადიციულად გამორთული აქვთ ელექტრონული თევზჭერის ჟურნალიც. ისინი ქაფშიას სეზონზე იყენებენ მძლავრი ელექტრომაგნიტური იმპულსების გამომწვევ სონარს, რითაც ღია ზღვაში ქაფშიას ჯოგების აღმოჩენა ხდება, ასევე დასაშვებზე დიდ ქისაბადეებს, რაც გარემოს დამცველთა აზრით, თევზის პოპულაციას შავ ზღვაში დიდ საფრთხეს უქმნის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო თევზჭერით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს თავს ესხმიან. 2016 წლის იანვარში, ოჩამჩირეში მოკლული თურქი მეზღვაური მურად ჰალის კაია იპოვეს, რომელიც ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი ზღვაში გადააგდეს. ეს საქმე გამოუძიებელი დარჩა.

საქართველოს სანაპიროსთან, 1980-იან წლებში, ყველაზე ინტენსიური რეწვის პერიოდში, ქაფშიის წილი შავ ზღვაზე მთლიანად დაჭერილი თევზის 90%-ს შეადგენდა, რაც თავის მხრივ შავი ზღვის აუზში ქაფშიის მთლიანი რეწვის დაახლოებით 40% იყო.

საბჭოთა პერიოდში, ქაფშიის საშუალო მარაგი საქართველოს წლებში 400 ათასი ტონა, ხოლო საშუალო სეზონური რეწვის რაოდენობა — 80 ათასი ტონა ფიქსირდებოდა. მარაგის მაქსიმალური ოდენობა — 550 ათას ტონა და ჭერის მაქსიმალური მაჩვენებელი — 175 ათასი ტონა - 1988 წელს დაფიქსირდა.

უკანასკნელ წლებში ქაფშიის სარეწი კვოტა საქართველოში წლიურად საშუალოდ 70-100 ათას ტონას შეადგენს. 2017-18 წლების ქაფშიის სეზონზე კვოტა 75 ათასი ტონით არის განსაზღვრული, რომელიც აპრილის ბოლომდე, თევზჭერის 9 ლიცენზიის მქონე 5-მა ქართულმა კომპანიამ უნდა აითვისოს. ყველა მათგანი რეწვისთვის სეზონზე 20-ზე მეტ თურქულ სეინერს ქირაობს.

ერთ-ერთი ლიცენზიანტია ფოთში მდებარე კომპანია „აისბერგ-2“, რომელიც საქართველოს წყლებში თევზჭერის ლიცენზიას 2006 წლიდან ფლობს და 2016 წელს, ლიცენზიის ვადა 2026 წლამდე გაუხანგრძლივეს. ეს იმის მიუხედავად, რომ „აისბერგ-2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამჟამად, 25%-იანი წილის მფლობელი თურქული კომპანია Kobyalar Group-ში შემავალი Koptur Balikcilik-ია. ეს უკანასკნელი ოკუპირებულ აფხაზეთში საწარმო „ხამსას“ ფლობს, რითაც ათი წელია საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ უხეშად არღვევს.

შავ ზღვაზე ქაფშიის რეწვის ლიდერი თურქეთია, რომლის თევზმჭერმა ფლოტმა 2016-2017 წლების სეზონზე 250 ათასი ტონა ქაფშია მოიპოვა, საქართველომ - 100 000-მდე ტონა, უკრაინამ 50 000 ტონა, რუსეთმა - 40 000 ტონა, ოკუპირებულ აფხაზეთში - 11 000 ტონა, მაშინ როცა 2015-16 წლების სეზონში, ანკლავში 60 000 ტონა ქაფშია დაიჭირეს. ევროკავშირის მოთხოვნით, შავ ზღვაზე მარაგის კატასტროფული შემცირების გამო, რუმინეთსა და ბულგარეთს ქაფშიას რეწვა შეჩერებული აქვთ და მათ ბრიუსელი კომპენსაციას უხდის.

ქაფშია ძალიან გემრიელი თევზია, მისი გადამუშავებით ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თევზის ქონი და თევზის ფქვილი იწარმოება, რომელსაც უფრო ძვირფასი სარეწაო თევზის - თინუსის დაჭერისას იყენებენ.

შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში მოპოვებული ქაფშია რიგით მე-3 ცხოველური წამოშობის პროდუქტია, რომელიც 2017 წელს ევროკავშირის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორატმა ევროკავშირის ბაზარზე გასაყიდად დაუშვა.

newspress