6-04-2020
ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რაიონებში, გალსა და ახალგორში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო. აღნიშნულ რაიონებში გადაადგილების თავისუფლების მკაცრი შეზღუდვები და საავადმყოფოების არაადეკვატური სამედიცინო მომარაგება ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დიდი რისკის ქვეშ აყენებს.
არსებული ინფორმაციით, ახალგორისა და გალის საავადმყოფოები არ მომარაგებულან სამედიცინო აღჭურვილობით კორონავირუსთან საბრძოლველად. გარდა ამისა, დე ფაქტო ორგანოებმა დაკეტეს იმ გადასასვლელების უმრავლესობა, რომელიც აღნიშნულ რეგიონებს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირდებდა. კერძოდ, დაიკეტა ყველა გამშვები პუნქტი, რომელიც სამხრეთ ოსეთს აკავშირებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან და მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი, საბერიო-ფახულანი, ფუნქციონირებს გალსა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შორის. საბერიო-ფახლანის გადასასვლელი ფუნქციონირებს შეზღუდულ შემთხვევებში და მასზე ბევრ ადგილობრივს არ აქვს წვდომა.
ეთნიკური ქართველები, რომლებიც წარმოადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას ამ რეგიონებში, ხშირად იყენებდნენ გამშვებ პუნქტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად სამედიცინო დახმარებისა და სხვა საჭირო სერვისების მისაღებად. გადასასვლელების უმრავლესობის დაკეტვის გამო, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობები ამჟამად შეზღუდულია. ერთადერთი გამშვები პუნქტი, რომელზეც კოვიდ-19-ის სიმპტომის მქონე პირები ახლახანს გამოატარეს, არის საბერიო-ფახულანი, რომელიც გალის ბევრი სოფლისაგან მოშორებით მდებარეობს და მასზე ბევრ ადგილობრივს არ აქვს წვდომა. სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირები, რომლებიც ამ გადასასვლელის გავლით გამოატარეს - , სოფელ საბერიოს მკვიდრნი არიან. აღნიშნული გადასასვლელით გამოტარებულ ერთ-ერთ პირს დაუდგინდა კოვიდ-19-ის დიაგნოზი და ის ამჟამად მკურნალობას გადის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბერიო-ფახულანის გადასასვლელზე არ გამოატარეს ერთი პირი, რომელსაც ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება - ის გააგზავნეს სოხუმში არსებულ საავადმყოფოში. ამის მიზეზი უცნობია.
გალსა და ახალგორში მცხოვრები ქართველებისათვის სამედიცინო დახმარების მიღება შეზღუდულია ასევე შესაბამისი რეგიონების ცენტრალურ ქალაქებში, სოხუმსა და ცხინვალში. აღნიშნული ქალაქები მოშორებით მდებარეობს და მგზავრობა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებით. გარდა ამისა, ორივე რეგიონში დე ფაქტო ორგანოებმა გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა, რის გამოც აღნიშნულ რაიონებსა და შესაბამისი რეგიონების დანარჩენ ნაწილებს შორის გადაადგილება შეზღუდულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისათვის შეზღუდულია სამედიცინო დახმარების მიღების გზები ადგილობრივ დონეზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებსა და შესაბამისი რეგიონების დანარჩენ ნაწილებში. შესაბამისად, ისინი მოკლებულნი არიან ხელმისაწვდომობას ადეკვატურ ჯანდაცვაზე კორონავირუსის გავრცელების პირობებში, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მომაკვდინებელი იყოს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები ვალდებული არიან, მოახდინონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების პრევენცია და მათზე რეაგირება. კერძოდ, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულები არიან, ეფექტური ნაბიჯები გადადგან, რათა მოახდინონ ეპიდემიური დაავადებების პრევენცია, მკურნალობა და კონტროლი. ჯანმრთელობის დაცვის უფლება მოიცავს ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის, მათ შორის, ფიზიკურ ხელმისაწვდომობას. აღნიშნული პრინციპები უგულებელყოფილია ახალგორსა და გალში.
იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით , ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას და ადგილობრივ დე ფაქტო ორგანოებს:
• დაიცვან ჯანმრთელობის უფლება, უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობა რელევანტური სამედიცინო სერვისებითა და მომარაგებით ახალგორსა და გალში;
• დროული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ახალგორსა და გალში მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსისაგან დაცვის გზებთან დაკავშირებით, მათ შორის, ქართულ ენაზე ეთნიკური ქართველი მოსახლეობისათვის.
საქართველოს მთავრობას:
• გამოიყენოს ყველა შესაძლო გზა, რათა მიაწოდოს სამედიცინო დახმარება გალსა და ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს, ასევე, ინფორმაცია კორონავირუსისაგან დაცვის გზებთან დაკავშირებით.
საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს:
• გააძლიერონ ძალისხმევა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე მონიტორინგის განსახორციელების მიზნით, მათ შორის, ადგილობრივ მოსახლეობასთან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით. მოახდინონ ანგარიშგება ამ კუთხით განვითარებულ მოვლენებზე და უზრუნველყონ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება საჭიროების შემთხვევაში.